დავით მუჯირი - ქვეყნის ჩემპიონს უეფას სამივე ტურნირზე თამაშის საშუალება მიეცემა
დავით მუჯირი - ქვეყნის ჩემპიონს უეფას სამივე ტურნირზე თამაშის საშუალება მიეცემა

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა კომენტარი უეფას ახალ გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომელმაც მესამე ევროპული გათამაშება – კონფერენციების თასი დააფუძნა.

„მოგეხსენებათ, უეფას საკლუბო ტურნირების ახალი სამწლიანი ციკლი დაამტკიცა და ახალი გათამაშება, კონფერენციების თასი დაარქვა. სასიხარულო ისაა, რომ უეფამ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით გაზარდა. დღევანდელი რეიტინგით, სავარაუდოდ, სამი ქართული გუნდი შესარჩევ ეტაპს კონფერენციის თასზე დაიწყებს. ჩემპიონ გუნდს კი საშუალება მიეცემა, სამივე ტურნირზე ითამაშოს. მაგალითად, ჩვენი ჩემპიონი პირველ ეტაპს თუ გადალახავს და მეორედან გამოვარდება, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დამარცხების შემთხვევაში, გუნდი პირდაპირ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება და არა კონფერენციის თასზე“, – ამბობს დავით მუჯირი.

სფფ-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უახლოესი წლების ერთ-ერთი ამოცანა უეფას რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებაა: „ყველა მონდომებულები ვართ, რომ ჩვენი რეიტინგი წლების შემდეგ გამოსწორდეს და ჩვენც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩავერთოთ. თუმცა, ჩვენსავით ბევრი ქვეყანაა, რომელიც კონფერენციის თასით იწყებს. საქართველოს ჩემპიონისთვის კი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ალბათობა კიდევ უფრო გაიოლდება. ამავე დროს, ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობაც გაიზარდება და იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებსაც ჯგუფურ ეტაპზე წარმომადგენელი ეყოლება“.

რა პლუსი აქვს ახალ ტურნირს ქართული გუნდებისთვის? მუჯირმა ამ კითხვასაც უპასუხა: „ვერ ვიტყვი, რომ უეფას ახალ ტურნირზე გამოსვლა იოლი იქნება, რადგან კონფერენციების თასზე უეფას რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი ქვეყნის წარმომადგენელიც ითამაშებს. შესაბამისად, ესეც ევროპული და ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ჯგუფურ ეტაპებზე ვითამაშოთ. ის, რომ გაიზარდა ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით, ასევე იმ ქვეყნების რაოდენობაც, რომლებიც გარანტირებულად მიიღებენ ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას – ეს ჩვენთვის მონაპოვარია. ამით არ შეცვლილა ჩემპიონთა გზა, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და კონფერენციის თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში გუნდი პირდაპირ კონფერენციის თასზე გადაინაცვლებს. ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მას სამივე ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნება“.

შეგახსენებთ, რომ 2021-2022 წლების სეზონიდან, უეფა-ს ახალი გადაწყვეტილებით, საქართველოს გუნდები ევროპის ლიგის საგზურს პირდაპირი გზით ვეღარ მიიღებენ.

უეფამ ევროპული თასების სტრუქტურა სერიოზულად შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება. სამაგიეროდ, უეფა-მ მესამე ახალი ტურნირი, კონფერენციების ლიგა დააფუძნა, სადაც უეფა-ს რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები სამ გუნდს წარადგენენ, ხოლო ერთ გუნდს – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ეს ქვეყნები პირდაპირი გზით ევროპის ლიგაზე საგზურს ვერ მიიღებენ.

საქართველო უეფა-ს მიმდინარე რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა, ევროპის ლიგაზე თამაშის შანსი მხოლოდ საქართველოს ჩემპიონს ექნება, თუკი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას საწყის ან პლეი-ოფის ეტაპებზე გამოეთიშება.

დატოვე კომენტარი