დავით მუჯირი - არის შესაძლებლობა, ისტორიაში პირველად ქართველი უეფა-ს აღმასკომის წევრი გახდეს  #1TVSPORT
დავით მუჯირი - არის შესაძლებლობა, ისტორიაში პირველად ქართველი უეფა-ს აღმასკომის წევრი გახდეს  #1TVSPORT

დავით მუჯირმა კომენტარი გააკეთა 33-ე საარჩევნო ყრილობაზე, სადაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს, ასევე დაასახელეს აღმასკომის წევრები – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, რეალურია შესაძლებლობა, რომ ლევან კობიაშვილი უეფა-ს აღმასკომის წევრი გახდეს.

„ვულოცავ ლევან კობიაშვილს და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს. მინდა, წარმატება ვუსურვო მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის სტაბილურობა, რომელიც ბოლო წლებში გვაქვს. სტაბილურად იზრდება ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების რიცხვი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს წინსვლა და პროგრესი წლიდან წლამდე გაგრძელდეს.

2023 წელი უპრეცედენტოა ჩვენთვის, რადგან 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ და ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები არის წარმოდგენილი ფინალურ ეტაპზე. ამიტომ წარმატება უნდა ვუსურვოთ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ტურნირისთვის შენდება, გამოყენებული იქნება ქართული ფეხბურთისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ტურნირის ორგანიზებაში ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული, ყველა საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებს და უფრო მეტი გადამზადებული ადამიანი გვეყოლება. მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა და გულშემატკივართა მხარდაჭერა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ლევან კობიაშვილის კანდიდატურა უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, წარმატებულები ვიყოთ და ისტორიაში პირველად ქართველი გახდეს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი“, – ამბობს დავით მუჯირი.