დავით მათიკაშვილი - კონკრეტული სასულიერო თანამდებობის პირების აბსურდული განცხადებები გულდასაწყვეტია
დავით მათიკაშვილი - კონკრეტული სასულიერო თანამდებობის პირების აბსურდული განცხადებები გულდასაწყვეტია

კონკრეტული სასულიერო თანამდებობის პირების აბსურდული განცხადებები გულდასაწყვეტია, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი.

​მისი თქმით, მოცემული განცხადებების შესახებ არანაირი სპეციალური კომისიის შექმნა არ არის საჭირო და საგამოძიებო ორგანოები გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს.

„ხაზი მინდა გავუსვა ეკლესიის ძალიან დიდ როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დღევანდელობაში, როგორც ჩვენი ერის, სახელმწიფოს გამაერთიანებლის. ამიტომ, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც კონკრეტული სასულიერო თანამდებობის პირების მხრიდან ხდება აბსურდული განცხადებების გაკეთება. ეს საზოგადოებამ მოისმინა. მოისმინა ასევე ბოდიში იმ განცხადებებზე, რომლებიც თავის დროზე გაკეთდა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას და ამ სულისკვეთებას, ოპოზიცია დღეს არის აბსოლუტურად გაკოტრებული და ცდილობს, გამოიყენოს ყველა საშუალება იმისათვის, რომ რეალურად დაბრუნდეს და იტივტივოს პოლიტიკურ რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ისინი არ ერიდებიან არანაირ სულიერ და სენსიტიურ თემებს.

რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ზოგადად, საზოგადოებას აღელვებს, არანაირი კომისიის შექმნა არ არის საჭირო. განსაკუთრებით იმის წარმოდგენა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პირები, რომლებსაც აქვთ ინდულგენცია. ასეთი რამ არ არსებობს. არსებობს საგამოძიებო ორგანო, რომელიც აუცილებლად გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, თუკი ამის საჭიროებას ნახავს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ აბსურდული განცხადებები, რომელზეც მეტი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.