დავით მათიკაშვილი - კოვიდეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე
დავით მათიკაშვილი - კოვიდეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე

ხელისუფლებას ჭკუას ასწავლის სინამდვილეში ყველაზე დიდი ეპიდემია, „ნაციონალური მოძრაობა“, – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებებით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

დავით მათიკაშვიმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კრიტიკას უპასუხა, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, ჩაკეტოს ქალაქები და პარლამენტს არაფერი ჰკითხოს.

„გისმენთ, ბატონო რომან და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ თქვენთვის თქვენი პარტიულ ინტერესზე მაღლა არაფერი დგას, არც ადამიანთა სიცოცხლე, არც ჯანმრთელობა და არც არაფერი. ერთადერთი კრიტერიუმი არის ვიწრო პარტიული ქულების დაწერა წინასაარჩევნოდ. თქვენ მეტი ინტერესი ამ კუთხით არ გაგაჩნიათ. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ძალიან დიდი ეპიდემია გამოიარა. ამ ეპიდემიას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა ერქვა, რომელსაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2012 წელს შესაბამისი განაჩენი გამოუტანა.

კოვიდეპიდემიამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საქართველოში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნამ შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე. ათასობით დასახიჩრდა, დაიკარგა ტერიტორიები და დღეს ამ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაიაროს ეს ყველაფერი, აქეთ გვასწავლის ჭკუას, აქეთ ეუბნება ხელისუფლებას, როგორ მოიქცეს სინამდვილეში ყველაზე დიდი ეპიდემია, პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ჩვენს რეალობაში არის „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, რომან გოცირიძის რეპლიკაზე, „თქვენ ხართ ვირუსი; არა ადამიანი, არამედ ადამიანი ვირუსი“, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა: „ძალიან კმაყოფილი და მოხარული ვარ იმით, რომ ასეთი რეპლიკა ჰქონდა ბატონ რომანს, რადგანაც ზუსტად მაშინ ცხარდება „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ იქნევენ განსაკუთრებით მუშტებს, როდესაც ცხრიანში მოარტყამს ადამიანი თავის სათქმელს. სწორედ ამ სიტუაციას ვაწყდებით ჩვენ, რადგან ბატონი რომანი გადადის პირად შეურაცხყოფაზე, მისთვის უცხოა პოლიტიკურ დებატებში თავის შეკავება. ბატონო რომან, თქვენ თავი შეიკავეთ, თქვენზე პიროვნულად მე არ მითქვამს. მე თქვენს პარტიაზე ვთქვი, თქვენს პოლიტიკურ მოძრაობაზე ვთქვი და ძალიან კარგია, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა თქვენი რეალური პოლიტიკური სახე, ამ მუშტების ქნევით და პიროვნული შეურაცხყოფით“, – მიმართა მათიკაშვილმა გოცირიძეს.