დავით მათიკაშვილი - აშშ-ის ორი პარტიის ერთობლივი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის გვერდით დგას
დავით მათიკაშვილი - აშშ-ის ორი პარტიის ერთობლივი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის გვერდით დგას

აშშ-ის ორი პარტიის ერთობლივი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის გვერდით დგას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას.

მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მოვლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამარჯვებაა.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკის ერთგვარ გამარჯვებაზე, რადგან ორპარტიული მხარდაჭერის ასახვა დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ ხაზგასმაა. უშუალოდ დოკუმენტი ძალიან მომცველი და შინაარსობრივად მნიშვნელოვანია. ის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოუწოდებს მხარეებს, რომ დროულად მოხდეს გაფორმება.

როგორც ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რეალურად ოპოზიციურ დღის წესრიგის პასუხს წარმოადგენს ის, რომ ყოველთვის ადანაშაულებს ხელისუფლებას, თითქოს საქართველო და ჩვენი მთავრობა სათანადოდ არ იქცევა საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის პოზიციონირების კუთხით. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არათუ გამქრალია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების რადარებიდან, არამედ პირიქით – საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს.

საქართველო მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ასე ორი პარტიის ინტერესების დაახლოვება, ერთ დოკუმენტში წარმოდგენა მართლაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის გვერდით დგას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი – ვირჯინიის შტატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი – ილინოისის შტატი) 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს.