დავით მარსაგიშვილის შვიდიდან შვიდი გამარჯვება და ვერცხლის მედალი ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატზე

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატზე, ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების წევრებმაც იასპარეზეს. „პრო ვრესლინგ ლიგის“ (pro wrestling league) მეოთხე სეზონი, ყველაზე წარმატებული დავით მარსაგიშვილისთვის გამოდგა, რომელიც შარშანდელი ჩემპიონის „პანჯაბ როიალსის“ (NCR Punjab Royals) ღირსებას იცავდა. ევროპის ორგზის ჩემპიონ მარსაგიშვილის გუნდმა, წრიულ ეტაპზე ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ირაკლი მწითურისა და ყატარის სახელით მოასპარეზე გიორგი საკანდელიძის „დანგალი“ (UP DANGAL) დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „ჰარიანა ჰამერსთან“ (Haryana Hammers) 3:6 დამარცხდა და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

რაც შეეხება თავად მარსაგიშვილს, მან შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო, აქედან ორჯერ კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის რევანშის აღებაც მოახერხა და ირაკლი მწითური ჯგუფურ ეტაპზე 5:0 ნახევარფინალში კი 4:2 დაამარცხა.

ტურნირი, რომელიც მეოთხე წელია ტარდება, თავისი შემადგენლობით, საკლუბო ჩემპიონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრესტიჟულია. ფინალში ერთმანეთს შარშანაც ეს გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება „პანჯაბ როიალსს“ დარჩა, რომლის შემადგენლობაშიც გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი ასპარეზობდნენ, „ჰარიანა ჰამერსის“ ღირსებას კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იცავდა. კიდევ ერთი წლით ადრე კი, ჩემპიონის ტიტულის მოგება ასევე „პანჯაბ როიალსის“ შემადგენლობაში თავად ხინჩეგაშვილმაც შეძლო.