დავით კირკიტაძე - ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის დიდი ბრძოლა იქნება #1TVSPORT
დავით კირკიტაძე - ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის დიდი ბრძოლა იქნება #1TVSPORT

დუშეთის „არაგვი“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურდა და ეროვნულ ლიგაში გადასვლა სურს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომელიც გუნდს ეროვნული ლიგის „სამტრედიიდან“ შეუერთდა.

გუნდს, მის გარდა, გააძლიერებენ გამოცდილი ფეხბურთელები – დათო მაისაშვილი, გიორგი ჯანელიძე, ნიკოლოზ აფაკიძე, გურამ ადამაძე, გიგა ამბროლაძე, ოთარ ტორაძე, გუგა წურწუმია, კიჭი მელიავა.

„წამოვედი „სამტრედიიდან“ და „არაგვში“ გადავედი, რომელიც ამბიციურ გუნდად ყალიბდება და ეროვნულ ლიგაში გადასვლა გვინდა. თავიდან გადასვლაზე თავს ვიკავებდი, გუნდში გამოცდილი ფეხბურთელებიც მოიყვანეს, რომლებსაც ეროვნულ ლიგაში უთამაშიათ, ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც, ვფიქრობ, რომ ამ გუნდს გააძლიერებენ და წინსვლაში ჩვენს წვლილს შევიტანთ. დავით ქოქიაშვილია გუნდის მწვრთნელი, რომელიც ნიჭიერი და ამბიციური სპეციალისტია და მიზნებიც შესაბამისი აქვს. ძალიან კარგად იცის საქმე და ვფიქრობ, ერთმანეთს ადვილად გავუგებთ.

ჩემი აზრით, ისეთი კარგი ფეხბურთელები წამოვიდნენ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებში, ძალიან ძლიერი ლიგა იქნება. როგორც ვიცი, ბოლნისის „სიონი“ ძლიერდება, სადაც თორნიკე კაპანაძე და კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი დაიმატეს. საგაჯეროს „გარეჯი“ კი მიშიკო სარდალიშვილით გაძლიერდა, რომელსაც გორის „დილაში“ საუკეთესო სეზონი ჰქონდა. თბილისის „ლოკომოტივიც“ გაძლიერდება და მგონია, რომ ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის დიდი ბრძოლა იქნება“, – ამბობს გამოცდილი თავდამსხმელი.