დავით ხოჭოლავა - უზბეკეთთან მატჩი ჩვეულებრივ სპარინგზე უფრო მნიშვნელოვანია #1TVSPORT
დავით ხოჭოლავა - უზბეკეთთან მატჩი ჩვეულებრივ სპარინგზე უფრო მნიშვნელოვანია #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას აზრით, შვედეთთან შეხვედრის მოგებაში გულშემატკივარმა განსაკუთრებული როლი ითამაშა.

„განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა“, – ამბობს დათა ხოჭოლავა.

გამოცდილმა მცველმა „ჯვაროსნების“ წლის ბოლო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება – საქართველოს ეროვნული ნაკრები უზბეკეთის დაუპირისპირდება.

„რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ“, – იმედოვნებს 29 წლის გამოცდილი მცველი.