დავით ხოჭოლავა - ომმა ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია #1TVSPORT
დავით ხოჭოლავა - ომმა ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ქართველი მცველის, დავით ხოჭოლავას სიმამრი რუს აგრესორებთან ბრძოლას შეეწირა.

„დიდი მწუხარებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ დავით ხოჭოლავას სიმამრი უკრაინის ომში თანამემამულეების დასაცავად დაიღუპა. მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია დავითისა და მისი ოჯახის ყველანაირი მხარდაჭერისთვის ძალიან რთულ პერიოდში. რა თქმა უნდა, დავით ხოჭოლავას მიეცა თავისუფალი დღეები, რომ ოჯახზე იზრუნოს და დავითს და მის ოჯახს მშვიდობას ვუსურვებთ. „კოპენჰაგენში“ ყველა გულწრფელ სამძიმარს უცხადებს დავითს და მის ოჯახს“, – იუწყება „კოპენჰაგენის“ პრესსამსახური.

დანიელებმა იმედი გამოთქვეს, რომ უკრაინაში მშვიდობა მალე დადგებოდა და ასევე დაგმეს პუტინის მიერ გაჩაღებული ომი: 

„ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელ და უაზრო ომს – და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მხარი დაუჭირონ უკრაინელებს რითაც შეუძლიათ“.

საქართველოს ნაკრების მცველმა, დავით ხოჭოლავამ უკრაინელ იულია სიდორენკოზე 2020 წელს იქორწინა, როცა ჯერ კიდევ დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი იყო. მანამდე დავითი თამაშობდა ოდესის „ჩერნომორეცში“ და ქართულ გუნდებში.

ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ​უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ ომში სოლიდარობა გამოუცხადა: 

„ბოლო დღეებმა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, ახლა ბომბებისგან თავს თავშესაფრებში იცავენ და ეშინიათ, რომ ხვალ დარჩებიან საკუთარი ქვეყნის გარეშე. ოჯახის მეორე ნაწილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და სხვა მამაც უკრაინელებთან ერთად იცავს თავის მიწას, ჩვენს მიწას – უკრაინა, გამაგრდი, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!“.