დავით კერესელიძე – სუპერთასის მოგება „დილას“ ფეხბურთელებზე კარგად იმოქმედებს #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასის ფინალში „სპაერთან“ მოგების შემდეგ (2:0), კომენტარი „დილას“ ფეხბურთელებმა – დავით კერესელიძემ და ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გააკეთეს.
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი: „კარგი თამაში გამოვიდა. მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს წარმატების მისაღწევად. „სპაერსაც“ შევაქებ – ძალიან კარგი გუნდია და მინდა, ევროტურნირებზე წარმატებები ვუსურვო მასაც და სხვა ქართულ გუნდებსაც“.
დავით კერესელიძე: „ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ სუპერთასი მოვიგეთ. პირველ ტაიმში „სპაერის“ ფეხბურთელებმა კარგი მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ამ გუნდს კონფერენს ლიგაზე წარმატებებს ვუსურვებ.
ეს მოგება ევროტურნირებამდე ჩვენს განწყობაზე ძალიან კარგად იმოქმედებს. 10 წელია, „დილას“ ტიტული არ მოუგია, მოედანზე მოტივირებულები გავალთ და იმედია, რამდენიმე ეტაპს გადავლახავთ“.
გორის „დილა“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „რასინგს“ 10 ივლისს სტუმრად ეთამაშება, ხოლო 17 ივლისს „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს.