დავით კერესელიძე - საქართველოში „ინტერის“ აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს წაადგება #1TVSPORT
დავით კერესელიძე - საქართველოში „ინტერის“ აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს წაადგება #1TVSPORT

გაზაფხულიდან საქართველოში მილანის „ინტერის“ პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ამოქმედდება, რომლის პარტნიორიც ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მეპატრონე, „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტი გახდა. ამის შესახებ უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

იტალიური მხარის საფეხბურთო შეხედულებები და პოლიტიკა, მსოფლიოს მასშტაბით, მიზნად ისახავს გეოგრაფიის ზრდას. „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტთან შეთანხმებისა და თანამშრომლობის შედეგად, ახლა უკვე „ინტერის“ რიგით მეოცე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ბინას თბილისში დაიდებს. იტალიურმა კლუბმა ოფიციალურ გვერდზე ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა და ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.

თანამშრომლოობის დეტალებზე მედიასთან „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით კერესელიძემ ილაპარაკა.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, სრულად იზიარებს „ინტერის“ აკადემიის პრინციპებს, რომელიც თანაბრად ეყრდნობა და ეფუძნება მოზარდების სპორტულ, პიროვნულ და საგანმანათლებლო განვითარებას. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარტნიორობაზე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული ტრადიციების მქონე საფეხბურთო ბრენდთან შევთანხმდით. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში „ინტერის“ აკადემია ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ამის მყარი გარანტი კი ისეთ წამყვან კლუბთან თანამშრომლობაა, როგორიც მილანის „ინტერი“ არის“, – აცხადებს დავით კერესელიძე.

„ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ თანამშრომლობის დეტალებზე ილაპარაკა.

„ჩვენ იმ დიდი გამოცდილების თანამოზიარენი გავხდებით, რომელიც იტალიურ მხარეს გააჩნია. ახალგაზრდების სწორად განვითარების მიზნით კი აკადემიაში „ინტერის“ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები იმუშავებენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდას“.

დავით კერესელიძემ აკადემიის ამოქმედების დეტალებზეც ილაპარაკა.

„აკადემიაში 5-დან 17 წლამდე ბავშვებს მივიღებთ, რომლებსაც იტალიიდან ჩამოყვანილი სპეციალისტი, მასიმილიანი ფერარი უხელმძღვანელებს. მან „ინტერის“ აკადემია ჩინეთში ააწყო. აქვე ვიტყვი, რომ ყოველწლიურად „ინტერში“ სტაჟირებას მინიმუმ 10 ქართველი მწვრთნელი და 20 ფეხბურთელი გაივლის. „ინტერის“ აკადემია საქართველოში ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. ეს ამბავი იმიტომ მიხარია, რომ საქართველოში „ინტერის“ აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს წაადგება“.

დატოვე კომენტარი