დავით ჯიქია - ნაადრევად ფეხბურთისთვის თავის დანებება გულდასაწყვეტია, ახლა მწვრთნელობას ვაპირებ #1TVSPORT
დავით ჯიქია - ნაადრევად ფეხბურთისთვის თავის დანებება გულდასაწყვეტია, ახლა მწვრთნელობას ვაპირებ #1TVSPORT

დავით ჯიქიამ საფეხბურთო კარიერა ნაადრევად, 30 წლის ასაკში დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო – ამის შესახებ ჯიქიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედის მომცემი მოთამაშე იყო ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17-წლამდე ნაკრებში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ნახევარფინალში ითამაშა.

„ნაადრევად ფეხბურთიდან წასვლა გულდასაწყვეტია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. გადაწყვეტილება თვე-ნახევრის წინ მივიღე – ბოლოს მეხუთე ლიგაში, საფეხბურთო კლუბ „არაგველებში“ ვთამაშობდი.

სამწვრთნელო ლიცენზირების პირველი ეტაპი გავიარე, C ლიზენცია მივიღე და ახლა „არაგველებში“ ბავშვებს ვავარჯიშებ. აუცილებლად მინდა სწავლის გაგრძელება და პროლიცენზიის მიღება.

ფეხბურთით ბოლომდე ვერ ვისიამოვნე, მაგრამ ბევრი რამ ჩემი ბრალია. ბევრი სპორტული და პირადი პრობლემაა, რომელსაც, თუ მაღალ დონეზე თამაში გინდა, უნდა მოერიო – ამისთვის ძლიერი მენტალიტეტია საჭირო.

მინდა, ბავშვებს დავეხმარო კარიერის სწორად წარმართვაში, რომ შეცდომები არ დაუშვან. ამისათვის მწვრთნელს, პრაქტიკული გამოცდილების გარდა, ცოდნაც სჭირდება.

ცხოვრებაში ადამიანს შანსი რამდენჯერმე ეძლევა და უნდა გამოიყენოს. მამარდაშვილმა, კვარაცხელიამ, კიტეიშვილმა, ზივზივაძემ, ქოჩორაშვილმა, ჩაკვეტაძემ და მიქაუტაძემ ჩვენი ქვეყნის სახელი უცხოეთში გაიტანეს და დღეს ევროპაში ქართველი ფეხბურთელებს უფრო მეტად აფასებენ. ამიტომ, ვინც კარიერას ახლა იწყებს, ეს შანსი უნდა გამოიყენოს“, – ამბობს დავით ჯიქია.