დავით ჭიჭინაძე - ზოგიერთი ყმაწვილი დეპუტატი ძალიან გავს გუგულს, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს
დავით ჭიჭინაძე - ზოგიერთი ყმაწვილი დეპუტატი ძალიან გავს გუგულს, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თავად დაარღვია დისციპლინა, როცა პრემიერ-მინისტრის განცხადება გააკრიტიკა. დავით ჭიჭინაძემ ამის შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ყველა დეპუტატის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების ფორმა შემუშავდება და თუ ვინმე დაარღვევს ამას, პასუხი მოეთხოვება.

„მამუკა მდინარაძეს კარგი განცხადება გაუკეთებია, ალბათ, თავის თავი იგულისხმა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან დაარღვია დისციპლინა, როცა პრემიერ-მინისტრის განცხადება გააკრიტიკა. ეს იყო პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს თავისი აზრი ჩამოუყალიბდათ. ასეთი ფრინველია გუგული, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს და ეს ადამიანები გუგულებს ძალიან გვანან. სჯობს, ახლა კონფრონტაციის გაღრმავებისგან თავი შევიკავოთ. ეს ადამიანები გუშინდელ შეხვედრის შედეგებს ინტერპრეტაციას უკეთებენ.

ყველა დეპუტატის ჩართულობით შემუშავდება გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომელსაც ყველა დავთანხმდებით და თუ ვინმე დაარღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. რაც აქ ვართ, პრეტენზია გვაქვს იმის თაობაზე, რომ უმრავლესობაში შეთანხმებული პოზიცია სხდომათა დარბაზში არ სრულდება და უხეში ჩარევა ხდება.

შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის შედგება, ურთიერთობებს ხელს შეუწყობს, რადგან ფურცელი მეგობრობას ამყარებს და ადამიანები წინ რომ დაიდებენ, ეცოდინებათ, რომ ისინი არავის უფროსები არ არიან“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.