დავით ჭიჭინაძე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს „პორტირებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათ წარსულში უნდა ჩავიხედოთ
დავით ჭიჭინაძე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს „პორტირებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათ წარსულში უნდა ჩავიხედოთ

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს მძიმე წარსული აქვს, მათ წარსულში ჩახედვაა საჭირო, სად იყვნენ ხუთი წლის წინ და როგორ ებრძოდნენ „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ დავით ჭიჭინაძემ პირველ არხთან გედევან ფოფხაძის თაობაზე მმართველი გუნდის ნაწილის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ამ ადამიანებს სურვილი გაუჩნდათ, აჩვენონ, პარლამენტში ვინ არის უფროსი.

„პირდაპირ ვამბობ, რომ აქ არავინ არავის უფროსი არ არის, აქ არის კოლეგიალობა, გვერდში დგომა და თანამშრომლობა. თუ ვინმე ამ პრინციპს არღვევს, ის სხვა წევრების მხრიდან შესაბამის რეაქციას გამოიწვევს. მათ ახლებს ნუ უწოდებთ, ახალი არის ნათელი, კარგი, პერსპექტიული. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, ესენი ახალი დეპუტატები არ არიან, ესენი არიან პორტირებულები. პრემიერის საპირისპირო განცხადებები ვინ გააკეთა? – პარლამენტის თავმჯდომარემ, ფრაქციის ხელმძღვანელმა და ზოგიერთმა დეპუტატმა. იმ ადამიანებმა, ვისაც პრინციპში, უმრავლესობაში გედი ფოფხაძის ყოფნა არ უნდათ. რატომ არ უნდათ, ეს უმრავლესობაში, გასარკვევია. იგივე ადამიანებმა ეკა ბესელიას კომიტეტის სხდომა დემონსტრაციულად, გაუგებარი მიზეზით ორჯერ დაუტოვეს. როგორ შეიძლება, კანონპროექტის განხილვისას სხდომა დახურულიყო? კანონებს ხალხისთვის ვღებულობთ და სხდომის დახურვის მიზნით სხდომა დატოვეს“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის ბოლო სხდომა ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტის განხილვისას – ვანო ზარდიაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, გიორგი ხატიძემ, ანრი ოხანაშვილმა და რატი იონათამიშვილმა დატოვეს. შესაბამისად, ჭიჭინაძეს ვკითხეთ, გულისხმობდა თუ არა „პორტირებულებში“ ამ ადამიანებს.

„ვინმე არ გამოგრჩეთ, გული არ დაგწყდეთ ამ „გმირებს“. ესენი ვერასოდეს ვერ იქნებიან ვერც ჩემი და ვერც იმ ხალხის უფროსები, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ამ ადამიანების უმეტესობას მძიმე წარსული გააჩნია. მათ წარსულში უნდა ჩავიხედოთ, ხუთი წლის წინ სად იყვნენ და „ქართულ ოცნებას“ როგორ ებრძოდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ჭიჭინაძის განცხადებას „მძიმე წარსულის“ მქონე პირების შესახებ, კითხვაზე, ხომ არ გულისხმობდა ამ პირებს შორის უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს, დეპუტატმა კონკრეტული გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„მე არ მეძახიან ადეიშვილის თანაშემწეს, თუ რა ვიცი, რაც არის, რა მნიშვნელობა აქვს? „ქართული ოცნების“ დაფუძნების პირველი დღიდან ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ყველა გაერთიანებაში იყო და ადამიანების უფლებებისთვის იბრძოდა. 2012 წლის არჩევნებში ერთ-ერთი გამორჩეულიც ლიდერი იყო. როცა გუშინ გადმობარგებული, „პორტირებული“ ადამიანი ობსტრუქციას უწყობ და სხდომას უტოვებ, ეს ჩვენი პირველი შეცდომა იყო, ეს რომ არ გავაანალიზეთ და არ გავარჩიეთ, ეს რატომ მოხდა. ამ ფაქტმა ბესელიას ბევრი თანამებრძოლის გაღიზიანება გამოიწვია“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე მმართველი გუნდის ნაწილის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა საკანონმდებლო ორგანოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურა შევიდა, მაშინ მმართველი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ.

„ეს კენჭისყრის წინა დღეს უმრავლესობის შეკრებაზე დადასტურდა. საპირისპირო გადაწყვეტილებამ გედევან ფოფხაძის განაწყენება გამოიწვია, რადგან თუ სადმე გუნდის სახელით თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება დადებითად არ უნდა იქნეს მიღებული, ეს უნდა შესრულდეს. საუბარი იმაზე არ არის, კანდიდატი ნინია კაკაბაძე იქნებოდა თუ სხვა. საუბარია იმ შეთანხმების დარღვევაზე, რომელიც უმრავლესობის შიგნით შედგა.

„ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით წარმოდგენილი რომ იყოს და არა საკონსტიტუციო უმრავლესობით, ამ საკითხს უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები გადაწყვეტენ, რადგან 60 ხმა საკმარისი იყო. ჩვენზე დამოკიდებული არაფერი არ იქნებოდა და ეს მათი შიდა პრობლემა იქნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ შეთანხმება, რომელიც უმრავლესობის შიგნით შედგა, უმრავლესობის ხელმძღვანელობა არ უნდა არღვევდეს.

გედევან ფოფხაძე იძახის, რომ ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოგზავნილი. გედის პრობლემა ამის გამო აქვს. მისთვის ეს დღე ემოციური იყო და ემოციური განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ გედი პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რომელმაც განცხადება გააკეთა. ვცდილობდით, ეს ვითარება მაქსიმალურად დაგვერბილებინა და ამისთანა ღირებული წევრისთვის უმრავლესობაში დაბრუნების საშუალება მიგვეცა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.