დავით ჭიჭინაძე - რაღა დროს კოდექსებით ცხოვრებაა
დავით ჭიჭინაძე - რაღა დროს კოდექსებით ცხოვრებაა

მგონია, რომ ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს, რაღა დროს კოდექსებით ცხოვრებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, რომელიც ქცევის კოდექსის მომზადების თაობაზე გუგული მაღრაძის განცხადებას გამოეხმაურა.

დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობისთვის ქცევის წესებისა და სანქციების მომზადების წინააღმდეგია.

„მგონია, რომ ადამიანი, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს, რაღა დროს კოდექსებით ცხოვრებაა. პატარა ბავშვი რომ ვიყავი, მეუბნებოდნენ, მარცხენა ხელით არ ჭამო და კოვზი მარჯვენა ხელში დაიჭირე, უზრდელობააო. ასევე მასწავლეს, თავი თეფშში არ ჩაჰყოო. თუ ვინმეს პოლიტიკაში იმის გადმოტანა უნდა, პოლიტიკაში სად როგორ მოვიქცეთ – არ დავამთქნაროთ და კანონის მიღების დროს არ ჩაგვეძინოს, კი ბატონო. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, მას ველოდებოდით, გვეგონა იქნებოდა და რატომ გადაიდო, მიზეზი ვერ გავიგე. საკმარისი ხალხი ვიყავით, თუ ერთმანეთთან საუბარი გვინდოდა. მიზეზი ხალხის უკმარისობა ნამდვილად არ არის. ეს საკითხი სხდომის მოწვევა დღის წესრიგში რაც უფრო მალე დადგება, დაპირისპირება მით უფრო მალე დარეგულირდება. არ მგონია, ამის გაწელვა რომელიმე მხარეს აწყობდეს. სანქციებზე აღარ ლაპარაკობენ და ამას მიველსალმები. შევეცდები, რომ ყველანაირი კომენტარისგან თავი შევიკავო და მათ სრულ კარტბლანშს მივცემ, რადგან ჩემი პოზიცია ყველასთვის ცნობილია. აქედან გუშინაც სპეციალურად გავედი, რომ რამე არ მეთქვა. კოლეგებს შორის ერთმანეთის აზრის გაცვლა ხდებოდა, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. დაპირისპირების ყველა მონაწილე აქ ვართ, ვისაც საღი აზრი გააჩნია და მტყუან-მართალის გარჩევა შეუძლია. ჩვენი მოთხოვნაა, დეპუტატები უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი საპარლამენტო ცხოვრებაში. თქვენს რესპონდენტებს გადახედეთ, სულ ერთი და იგივე რესპონდენტები გყავთ. სხვა ადამიანების აზრი არ გაინტერესებთ? რაღაც შეზღუდვები არის, მაქსიმალურად ცდილობენ, ერთი აზრი იყოს და ყველას თავისი აზრი გააჩნია. ეს ადამიანები ტელევიზიით უფრო გავიცანი, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებიდან. მათ ვგულისხმობ, ვინც ძალიან ხშირად გყავთ“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილის მიმართ კრიტიკული განცხადებები ისევ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა.

„ზარდიაშვილს ნუ ახსენებთ, მასზე საუბრისგან ცოტა ხანი თავს ვიკავებ, ეგ არის ნეგატივის გამოსახულება. „ქართული ოცნება“ იმ სენისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები ჰქვია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ზრდიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია. ჩემს რაიონში ცხოვრობს და მეზობლების მიმართ მისი განწყობა ვიცი. გაიარეთ, ზარდიაშვილის მეზობლები გამოკითხეთ. ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა. ადგილზე ზარდიაშვილის მაჟორიტარ დეპუტატად დაყენებას აპირებდნენ და ცუდი საქციელის გამო მის წინააღმდეგ მთელი პარტია გამოვიდა. ნავთლუღი ძველი თბილისია, ყველა ყველას იცნობს და როცა არჩევნების დროს საპირისპირო მხარეს ხარ და ხალხს ახსოვს, 2012 წელს როგორი მოქმედება იყო, 2016 წელს „ქართული ოცნება“ ადამიანებმა ლამის დატოვეს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

თუ ვინმეს პოლიტიკაში იმის გადმოტანა უნდა, სად როგორ მოვიქცეთ, არ დავამთქნაროთ და კანონის მიღების დროს არ ჩაგვეძინოს, კი ბატონო