დავით ჭიჭინაძე - „ქართულ ოცნებას“ ბიზნესთან მიმართებით იგივე მეთოდები აქვს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
დავით ჭიჭინაძე - „ქართულ ოცნებას“ ბიზნესთან მიმართებით იგივე მეთოდები აქვს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“

„ქართულ ოცნებას“ ბიზნესთან მიმართებით იგივე მეთოდები აქვს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ საქმეში პოლიტიკური კონტექსტია.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში გუშინ არ მოსულა, არც ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ჩაუდენიათ ეს ამბავი გუშინ. რა თქმა უნდა, 11 წლის წინანდელია და 2012 წელს საკმაოდ წარმატებით შეეძლო „ქართულ ოცნებას“, იგივე საქმე აღეძრა. იგივე მიდგომები იყო ივანიშვილთან მიმართებაში. ასე რომ, პრინციპში, არც არავინ არ დაძრახავდა და არც პოლიტიკური იქნებოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ერთი რამით გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ – ბიზნეს მეტ-ნაკლებად პოლიტიკურად არ ავიწროებდა.

„20 ივნისი ვნახეთ რაც იყო, მეთოდები ერთი აქვთ მიტინგებთან მიმართებაში და ახლა ვნახეთ, რომ ბიზნესთან მიმართებით, ერთი და იგივე მეთოდები აქვთ და ამიტომ, მათ შორის ზღვარი აბსოლუტურად წაშლილია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პოლიტიკის არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ.

„პატრიოტიზმმა ახლა გაიღვიძა მათში, მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ და ჩვეულებრივი მევახშეები არიან. ყოველდღე არღვევენ კანონს არაპროფილური საქმიანობის შესახებ, რადგან ჩვენს ქვეყანაში არაპროფილური საქმიანობა აკრძალულია, მაგრამ გვესმის პორტის მშენებლობაზეა საუბარი. პორტი არანაირად საბანკო საქმიანობა არ არის. კვირიკაშვილის პერიოდში ყველაფერი იყო ისე გათვალისწინებული, რომ საბანკო სფეროს მორგებოდა, თუნდაც ის ესტონური მოდელი. ძალიან დიდი რისკის შემცველია მისი განხორციელება კომერციული სტრუქტურის მხრიდან, რადგან ის არის პოლიტიკური პროექტი და პოლიტიკურ პროექტს ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო.

აქედან პირდაპირ იკვეთება ფულის შესაჭმელად იყო და ამ პორტის მშენებლობაზე სახელმწიფო ფულის მითვისების მცდელობა იქნებოდა. რაც შეეხება მოწოდებას, რომ ახალგაზრდებს დაიყენებენ, ახალგაზრდები გვერდზე კი არ უნდა დაიყენო და პოლიტიკური ბრძოლისთვის კი არ უნდა გამოიყენო ქვეყანაში, ისეთი კლიმატი უნდა შექმნა და ისეთი ეკონომიკური გარემო უნდა შექმნა, რომ ამ ახალგაზრდებს პოლიტიკაში გაქცევა კი არ სურდეთ, არამედ ქვეყნის აღმშენებლობა.

სამწუხაროდ მივეჩვიეთ, რომ ახალგაზრდები გვახსენდება მხოლოდ საარჩევნოდ პოლიტიკური ბრძოლის დროს. ამ ახალგაზრდებს პერსპექტივა სჭირდებათ და ამაზე არვინ არ ზრუნავს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „ტვ პირველის“ თემაზეც და აღნიშნა, რომ აქაც პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.

„ქართული ოცნება“ აღარაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისაგან“. ამ ჯგუფს საიდან აქვს ასეთი კომუნისტური აღტკინება, რონ ერთი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყანაში და სხვა არა, ჩემთვის ძალიან გასაკვირია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.