დავით ბობოხიძე - ფუტსალის ლიგაში 6 თანაბარი გუნდი იქნება
დავით ბობოხიძე - ფუტსალის ლიგაში 6 თანაბარი გუნდი იქნება

ფუტსალის ლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (თსუ) ჩემპიონატის სტარტზე ლიგის დებიუტანტს, პსპ-ს შეხვდება. თსუ-ში იმედოვნებენ, რომ გუნდი ტიტულს შეინარჩუნებს.

„ჩემპიონობის შენარჩუნება ყოველთვის უფრო რთულია. ამას ვაცნობიერებთ და ახალი სეზონისთვის, შევეცდებით, პლეი-ოფის საგზური მოვიპოვოთ. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ წელს ჩემპიონატში ექვსივე ძლიერი და ერთი დონის გუნდია შეკრებილი. ყველა შეხვედრა დაძაბული იქნება. სწორედ ამისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, წლევანდელი პროგრამა მაქსიმუმი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თსუ-ს მწვრთნელი დავით ბობოხიძე.

მან არსებულ პრობლემებზეც ილაპარაკა:

„ცნობილი მიზეზების გამო, სეზონისთვის მომზადება დაგვიგვიანდა. თუმცა, ამ კუთხით ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ვართ. ამიტომ საწყის ორ ტურს დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ფაქტობრივად, სეზონს პირდაპირ თამაშებით დავიწყებთ და ცოტა გაგვიჭირდება. თუმცა, შემდეგ ფორმაში შევალთ და შევეცდებით, ჩენი გულშემატკივარი გავახაროთ“.

ფუტსალის ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩები 20 იანვარს თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში 13:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონი თსუ 17:00 საათზე პსპ-ს დაუპირისპირდება.

მანამდე ორი მატჩი გაიმართება: „ილიაუნი“ და „თბილისი“ 13:00 საათზე ითამაშებენ, ხოლო ვიცე-ჩემპიონი „თელასი“ ლიგის დებიუტანტს, „კავკასიის უნივერსიტეტს“ 15:00 დაუპირისპირდება.