დავით ბერძენიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ არიან წამყვანი ფიგურები, რომელთა საჯარო პოზიციები უფრო ახლოა „რესპების“ პოზიციასთან, ვიდრე მათივე პარტიების ხელმძღვანელების დეკლარირებულ პოზიციებთან
დავით ბერძენიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ არიან წამყვანი ფიგურები, რომელთა საჯარო პოზიციები უფრო ახლოა „რესპების“ პოზიციასთან, ვიდრე მათივე პარტიების ხელმძღვანელების დეკლარირებულ პოზიციებთან

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ არიან წამყვანი ფიგურები, რომელთა საჯარო პოზიციები უფრო ახლოა „რესპების“ პოზიციასთან, ვიდრე მათივე პარტიების ხელმძღვანელების დეკლარირებულ პოზიციებთან, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა.

„ვთანამშრომლობთ მათთან, ამასთანავე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე „ევროპულ საქართველოში“ არიან წამყვანი ფიგურები, რომელთა საჯარო პოზიციები უფრო ახლოა „რესპების“ პოზიციასთან, ვიდრე მათივე პარტიების ხელმძღვანელების დეკლარირებულ პოზიციებთან. რა თქმა უნდა, „რესპების“ დეკლარირებული პოზიციები განსხვავდება არა მარტო წინა ხელისუფლების პოზიციებისგან, არამედ არანაციონალური წარმომავლობის პოლიტიკური ჯგუფებისგანაც… სოკოებივით რომ იქმნება (უფრო რომ ვერ იქმნება) „მესამე ძალაზე“ პრეტენზიის მქონე ჯგუფები, იმათ ყველას პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. საწყენია ეს. თავს შევიკავებ უფრო მკვეთრი შეფასებისგან. თან პროგრესულობაზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე გქონდეს პრეტენზია და თან ასე შეშინებული იყო, საპატრიარქოს ბევრი იერარქის უმსგავსობაზე, ხელმრუდობაზე, პრორუსობაზე, ციანიდის საქმეზე და ა.შ. დუმდე ან საპატრიარქოს ეთანხმებოდე – მეტისმეტი პოლიტიკური სიმხდალეა. სამი ათეული წელია, ვიცავთ ეკლესიას – კომუნისტებისგანაც ვიცავდით და მერეც… ამასთანავე, აფხაზეთში რუსი გენერალი გრაჩოვი რომ გვებრძოდა და ომის მერე რომ მონათლა ანანურში ილია მეორემ… სპირტის რეექსპორტზე ხელი რომ მოითბეს საპატრიარქოს ქუდის ქვეშ მოქმედმა კომპანიებმა იმ წლებში, არ შევეპუეთ. ედიკასაც და ასლანსაც აძლიერებდა და თავადაც ძლიერდებოდა…

საზოგადოების წინააღმდეგ და ხარჯზე. აჭარაში უმძიმესი რეგიონული ავტორიტარული რეჟიმი იყო და ბიძა/ძმისშვილს ხმა არ ამოუღიათ გაწამებული, გატაცებული, ნაცემი და დაპატიმრებული ოპონენტების დასაცავად – ზურგით იდგნენ მათ მიმართ ისევე, როგორც სასულიერო პირების – ჩიხლაძის ადრე და მამალაძის ახლა მიმართ დგანან ზურგით. ბევრი რამ შემიძლია კიდევ ვთქვა… კომენტარშიც აღვნიშნე – კმაყოფილი ვარ, რომ არ ვერიდებოდით და არ ვერიდებით უმსგავსობაზე ხმამაღლა საუბარს. პოლიტიკა კია კომპრომისები – ტაქტიკური კომპრომისები, უსიამოვნო უკანდახევაც გვიწევს ხოლმე და ხანდახან თავჩაღუნულადაც ყოფნაც… მაგრამ არა ღირებულებების ფეხქვეშ გათელვით… ასეთი რამ დაუშვებელია, თუ პრეტენზია დემოკრატიულ პოლიტიკაზე გაქვს. ღირებულებებით ვაჭრობა დაუშვებელია! „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის…“ მიდგომა გაცილებით რთულიცაა, წესიერიც და სტრატეგიულად წარმატებულიც! და არცაა არსებითი, რამდენად მოგისწრებს პირადად ეს წარმატება – ზოგს მოესწრები, ზოგსაც სხვა უკეთ გააკეთებს. მე დამოუკიდებლობის აქტს მოვაწერე ხელი, მერე კონსტიტუციას… კიდე სხვა „წვრილ-წვრილ“ დოკუმენტებს – ნატო-ში შესვლის ურყევ ნებას, „ესენგეში“ შესვლის წინააღმდეგ ბრძოლას შევარდნაძის დროს და იქიდან გამოსვლის პერმანენტულ მცდელობას სააკაშვილის დროს. მოკლედ, 1978 წლიდან რო გამოხედვა, ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მორიგი საკითხია საპატრიარქოს ესა თუ ის ქმედება თუ უმოქმედობა“, – აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი.