დავით ბაქრაძე - ვიღაცას უნდა 2019 წელი, ვიღაცას 2012 წელი, ჩვენ კი გვინდა 2021 წელი, რომელიც იქნება უკეთესი ვიდრე ყველა სხვა წელი
დავით ბაქრაძე - ვიღაცას უნდა 2019 წელი, ვიღაცას 2012 წელი, ჩვენ კი გვინდა 2021 წელი, რომელიც იქნება უკეთესი ვიდრე ყველა სხვა წელი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან, შალვა შავგულიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები, სერგი კაპანაძე და ირაკლი აბესაძე. შეხვედრაზე „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა გარდამტეხი ცვლილებების გეგმა.

დავით ბაქრაძის თქმით, მძიმე კრიზისს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, სჭირდება მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ დატოვებს არც აწმყოში და არ დაუბრუნებს არც წარსულში.

„ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, რადგან დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორად, არ იქმნება სამუშაო ადგილები და მატულობს უმუშევრობა, ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი და იზრდება ფასები, უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჭირს თავის გატანა და ოჯახის შენახვა, ჩვენს ქუჩებში დაბრუნდა კრიმინალი, რომელიც დამარცხებული იყო, ძალიან ბევრი მიზეზი დაგროვდა, რის გამოც ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ყველა ეს ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება უნდა მოიტანოს 31 ოქტომბრის არჩევნებმა. ვინ შეიძლება მოიტანოს ეს ცვლილებები? გუნდმა, რომელსაც აქვს ხედვა და გამოცდილება; გუნდმა, რომელსაც გაუკეთებია საქმე, ჩვენ დღეს ვართ არჩევანის წინაშე, დავტოვოთ აწმყო, რადგან არის ერთი მხარე, რომელიც გვეუბნება, რომ დავტოვოთ აწმყო, ეს ჭაობი, რომელშიც დღეს ვართ და ყველაფერი კარგად არის. ჩვენი არჩევანი არ იქნება აწმყოს და ჭაობის დატოვება, მაგრამ ასევე მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენი არჩევანი არ იქნება 2012 წელში დაბრუნება, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ წარსულზე, კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ თუ გვინდა უკეთესობა, წინსვლა, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. ვიღაცას უნდა 2019 წელი, ვიღაცას უნდა 2012 წელი, ჩვენ კი გვინდა 2021 წელი, რომელიც იქნება უკეთესი ვიდრე ყველა სხვა წელი.

სწორედ ამ 2021 წელმა უნდა მოიტანოს ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაქვს გეგმაში. 100 000 სამუშაო ადგილის შექმნა, თითოეული ოჯახისთვის დაზოგილი 2000 ლარი და შემცირებული გადასახადები, გაორმაგებული პენსია, სოციალური და დევნილთა დახმარება, დამარცხებული კრიმინალი და ფეხზე დამდგარი დამოუკიდებელი სასამართლო, მეტი ქონებისა და ძალაუფლების გადაცემა ხალხისათვის. დიახ, ჩვენი მთავარი პრინციპია: ნაკლები ფული, კეთილდღეობა და ძალაუფლება მთავრობას და მეტი ფული, შემოსავალი და კეთილდღეობა ხალხს.

სწორედ ეს ცვლილება სჭირდება ქვეყანას, რომ წავიდეთ წინ, უკეთესი საქართველოსკენ. უკეთეს ქვეყანას კი, სჭირდება უკეთესი გუნდი, ძლიერი გუნდი და სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი და მთლიანად ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდისა და კრწანისის ოლქში, შალვა შავგულიძე“, – აცხადებს ბაქრაძე.