დავით ბაქრაძე - მაქვს შეკითხვა ხელისუფლებასთან, რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ, ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს?
დავით ბაქრაძე - მაქვს შეკითხვა ხელისუფლებასთან, რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ, ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს?

მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მართული პროკურატურა იწყებს სხვადასხვა საქმეებს ძალიან რეზონანსული და ხმამაღალი სახელებით, რაც ასევე რეზონანსულად შუქდება სახელისუფლებო არხების მხრიდან, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს საქმეები როგორც ხმამაღლა დაიწყო, ასევე აბსოლუტურად უხმაუროდ სრულდება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე ამბობს, რომ ეს არის „ოცნების“ ტაქტიკა, რომ საარჩევნოდ გადაიტანოს ყურადღება და ხალხის აქცენტი იმ სხვა თემებზე, არა იმ თემებზე რაც აწუხებს ხალხს.

„მოსახლეობას აწუხებს ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობა, გაუფასურებული ლარი, აწუხებს კრიმინალი, „ოცნება“ პასუხს ვერ სცემს ამ შეკითხვებს, როგორ ვიცხოვრებთ ხვალ და ამიტომ, მათი ერთადერთი გამოსავალი არის მუდმივად წარსულში ყურება, მუდმივად ოპონენტების წინააღმდეგ არარსებული საქმეების აღძვრა და მუდმივად საზოგადოების ყურადღების გადატანა იმ პრობლემებიდან, რაც ხალხს აწუხებს დღეს. მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება დავით გარეჯს, ყველასთვის ემოციურად ძალიან მტკივნეულ თემას და ეს კეთდება დღეს, როცა კავკასია არის აფეთქების ზღვარზე, როცა მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში, მე მაქვს შეკითხვა ხელისუფლებასთან, რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ, ჩვენ ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს? დღეს, როდესაც ისედაც ომის ზღვარზე დგას მთელი კავკასია, დღეს ხელისუფლება ტერიტორიულ პრეტენზიას უყენებს აზერბაიჯანს, ამას აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს, რომ საჩხერის მოდელი გადაფაროს; იმისთვის, რომ ოპოზიციას ებრძოლოს – დღეს მივდივართ იმ გზით, რომ ამ გამწვავებულ ვითარებაში აზერბაიჯანთან ახალი პრეტენზიების სერიას ვხსნით. ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომლის წინაშეც „ქართული ოცნება“ აყენებს ქვეყანას, რაც ადასტურებს ორ რამეს – პირველი, მათ არ აწუხებთ ეს ქვეყანა, არ აწუხებთ ამ ქვეყნის მოსახლეობის პრობლემები და მათი ერთადერთი ამოცანა არის ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად; მეორე გახლავთ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ უნდა, გადაიტანოს ორპოლუსიან დაპირისპირებაში და ყველაფერი გადაიტანოს წარსულთან ბრძოლაში. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივცეთ ამის საშუალება. ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ ორი პოლუსი არ არის, მოსახლეობას აქვს მრავალფეროვანი არჩევანი და ეს არჩევანი უნდა ემსახურებოდეს არა მუდმივად წარსულის ნგრევას, არამედ მომავლის შენებას, ეს არის „ევროპული საქართველოს“ არჩევანი და 31 ოქტომბრის არჩევნები ემსახურებოდეს მომავლის შენების, ცვლილებების მოტანას, უკეთესობის მოტანას და არა კიდევ ერთხელ იგივე სპირალში შესვლას, რა ხდებოდა წარსულში და ვინ“, – აცხადებს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ნდობა პროკურატურისადმი არის ნული.

„პროკურატურა უნდა იძიებდეს, რა მოხდა გუშინ მარნეულში და ვინ არის დამანაშავე, უნდა იძიებდეს 20 ივნისს ვინ დათხარა ბავშვებს თვალები, უნდა იძიებდეს, რა მოხდა მუხთარლის საქმეზე. ამ ყველაფრის ნაცვლად, პროკურატურა კიდევ ერთხელ არის დაკავებული პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით, ეს შეკვეთა შეძლება, ძალიან საშიში იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელ კავკასია დგას ფართომასშტაბიანი კონფლიქტის წინაშე. იმ პერიოდზე, როდესაც საუბარია 2007 წელზე, მე ვიყავი პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად, დავით გარეჯის თემასთან შეხება არ მქონია, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ის, რომ ეს ფაქტი წინასასაარჩევნოდ 14 წლის შემდეგ ახსენდება „ქართულ ოცნებას“, თავისთავად მეტყველებს, რა ტიპის გამოძიებაზე და ფაქტზეა საუბარი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება სალომე ზურაბიშვილმა დააზიანა.

„დავით გარეჯის საკითხი ფუნდამენტურად დააზიანა დღევანდელმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად სალომე ზურაბიშილმა, რომლის განცხადების შემდეგაც აზერბაიჯანმა გადადგა მთელი რიგი მძიმე ნაბიჯები, მათ შორის ქართველი სასულიერო პირებისთვის და ბევრად უფრო მძიმე გახდა შესვლა დავით გარეჯში, იქ გარკვეული ინფრასტრუქტურა ააშენა აზერბაიჯანმა, რამაც გააუარესა მანამდე არსებული ვითარება. თუ ვსაუბრობთ, რამ გააუარესა დღეს მდგომარეობა, გააუარესა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა და „ქართული ოცნების“ მოქმედებებმა. რა მოხდა მითიურად 2007 წელს, ეს არც მე ვიცი, არც არავინ და ვნახავთ პროკურატურა, რის გამოჩიჩქვნას შეეცდება, მაგრამ პროკურატურას გააჩნია საანდოობა ნული“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.