დავით ბაქრაძე - კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ველოდებით ახალ შეხვედრას
დავით ბაქრაძე - კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ველოდებით ახალ შეხვედრას

ჯერჯერობით, კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის არის ძალიან დიდი განსხვავება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრის შემდეგ.

„სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკო-ს გუშინდელი სხდომა და ის სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკებების თემა. შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი, ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ვიმეორებ, ჯერჯერობით პოზიციები არის ერთმანეთისგან დაშორებული, მხარეები დგანან განსხვავებულ პოზიციაზე, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება. ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. ამ ყველაფერს ჩვენი შეფასებით სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა და ვიმეორებ, ჯერ კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ჩვენ ველოდებით კიდევ ახალ შეხვედრას“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა ხმების გადათვლის საკითხი აღარ განიხილება.

„როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის გასაჩივრების მექანიზმი, მათ შორის სასამართლო, მაგრამ ყველამ ვიხილეთ, რომ ამან არანაირი შედეგი არ მოიტანა და ვიმეორებ, გუშინ ცესკო-ს გადაწყვეტილებამ საბოლოოდ მოგვისპო ამის შესაძლებლობა. იმის მაგივრად, რომ 19 ნოემბრამდე ეცლია დიალოგის პროცესისთვის მაინც, რა ვადაც ჰქონდა ცესკო-ს, ცესკომ ექვსი დღით ადრე ნაჩქარევად დახურა ეს პროცესი, თან დახურა კანონის დარღვევით ისე, რომ არ დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობაც. ამიტომ, გადათვლის შანსი უბრალოდ აღარ არსებობს, თუმცა ვიმეორებ, ჩვენი ამოცანა გადათვლა არ ყოფილა, მაგრამ იყო ახალი არჩევნები. თუმცა ცესკო-მ გუშინ ოფიციალურად დახურა გადათვლის ნებისმიერი პერსპექტივა, ამიტომ დარჩა მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი წინადადება, ეს არის ახალი არჩევნების ფორმა, ვადა, პაკეტი, რომლითაც უნდა შეთანხმდეს არჩევნები და საარჩევნო გაუმჯობესებები. ამ თემაზე მიმდინარეობს დიალოგი. ვიმეორებ, ჯერჯერობით პოზიციები არის დაშორებული, მაგრამ ჩვენი ამოცანა ამ დიალოგში არის სწორედ ის, რომ დაშორებული პოზიციები ამ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე დავაახლოოთ ერთმანეთს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება საკითხს, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მმართველ გუნდში კომპრომისის სივრცე გაჩნდეს, ბაქრაძემ განაცხადა: „დიახ, მშვიდობიანი და კონსტიტუციური პროტესტი გაგრძელდება, რადგან მოქალაქეები აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და მათ დაკარგულ ხმებს.

„ვიდრე მათ არ ექნებათ იმის განცდა, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება სამართლიანად, მათ არ ექნებათ იმის განცდა, რომ მათი ხმა იქნება გათვალისწინებული არჩევნების შედეგში, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანების კონსტიტუციური უფლება და უფრო მეტიც, ვალდებულება დაიცვან ხმები და დაიცვან ქვეყანაში დემოკრატია. ამიტომ მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება, თუმცა გრძელდება მოლაპარაკებაც და ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ მოლაპარაკების გზით გადაიჭრას პრობლემა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, მე იმედი მაქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს იმ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს ამ ქვეყნის წინაშე. საქართველო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, უმძიმესი პანდემიური ვითარებაა, ძალიან დაძაბული საერთაშორისო მდგომაროება და გამორიცხულია, ამ ქვეყნის გამოყვანა ასეთი კრიზისიდან შეძლოს ხელისუფლებამ, რომელიც მოსახლეობის ნახევრის თვალში არის არალეგიტიმური. კრიზისებს სჭირდება ძლიერი და ლეგიტიმური ხელისუფლება, კრიზისებს სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია; სჭირდება საზოგადოების აღქმა, რომ ქვეყანაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ახალ არჩევნებზე, რომელმაც უნდა შეკრას საზოგადოება, გააჩინოს კონსოლიდაციის განცდა და ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ქვეყანას მართავს მისი არჩეული ხელისუფლება. მომწონს თუ არ მომწონს, სულ ერთია, მაგრამ უნდა ვიცოდე, რომ ქვეყანას მართავს სამართლიანად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს მანდატი, გადაწყვიტოს ეს პრობლემები და გამოიყვანოს საქართველო კრიზისიდან. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ახალ არჩევნებზე და ახალი არჩევნები არის სწორედ გზა ვითარების განმუხტვისა და საქართველოს წინსვლის, სხვა შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ვერ იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.