დავით ბაქრაძე - გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტა გახსნის ბოლომდე კარს, რომ ოპოზიცია დაესწროს სხდომას და ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს
დავით ბაქრაძე - გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტა გახსნის ბოლომდე კარს, რომ ოპოზიცია დაესწროს სხდომას და ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს

გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტა გახსნის ბოლომდე კარს, რომ ოპოზიცია დაესწროს სხდომას და ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს ბოლომდე. გიორგი რურუას საკითხი არის დარჩენილი, რომელიც ასევე უნდა გადაწყდეს. სწორედ გიორგი რურუას საკითხის გადაწყვეტა გახსნის ბოლომდე კარს პოლიტიკური პროცესისთვის. მათ შორის, შესაძლებლობას მისცემს ოპოზიციას, რომ დაესწროს სხდომას და ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს არ ვეთანხმები, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება არის სწორი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამცირებს ქვეყანაში დაძაბულობას, ამცირებს ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას. რომელიც ამცირებს ქვეყანაში იმ ტოქსიკურ თემას, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური დევნა. ამიტომ, ნაბიჯი გადადგმულია სწორად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.