დავით ბაქრაძე - ჩვენი ხელისუფლების დროს სასამართლო იყო ზუსტად იგივე, იგივე შემადგენლობით და მორჩილებით, როგორიც არის დღეს
დავით ბაქრაძე - ჩვენი ხელისუფლების დროს სასამართლო იყო ზუსტად იგივე, იგივე შემადგენლობით და მორჩილებით, როგორიც არის დღეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ცდუნებაა, ყავდეს მორჩილი სასამართლო.

„რუსთავი 2“-ის ეთერში მან განაცხადა, რომ დღეს არის ხელისუფლების მორჩილი სასამართლო და იგივე სასამართლო იყო წინა ხელისუფლების მორჩილი სასამართლოც, პიროვნებებიც არ შეცვლილან.

„ერთ-ერთი, გნებავთ, დავარქვათ შეცდომა ან ჩავარდნა, გნებავთ დავარქვათ ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან მაღალი ცდუნებაა, რომ ჰყავდეს მისი მორჩილი სასამართლო, მაგრამ იმ წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნა, განსაკუთრებით იმ რეფორმების ფონზე, რომელიც სხვა უწყებებში მიმდინარეობდა, იყო სასამართლო. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები და მათ შორის, ბევრი პრობლემა შეიქმნა სწორედ სუსტი სასამართლოს გამო.

ანუ, თუ ადამიანს არ აქვს იმედი, რომ სასამართლოში თავის სიმართლეს დაამტკიცებს, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ ადამიანს უჩნდება შემდეგ უსამართლობის განცდა. ბიზნესს თუ არ აქვს იმის რწმენა, რომ სასამართლოში დაიცავს საკუთარ უფლებებს და საკუთრებას, მას უჩნდება უსამართლობის განცდა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა სასამართლო „ნაცმოძრაობის“ მორჩილი, ბაქრაძემ განაცხადა: „მაშინაც სასამართლო იყო ზუსტად იგივე, იგივე შემადგენლობით და მორჩილებით, როგორიც არის დღეს. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ხელისუფლების მორჩილი სასამართლო და იგივე სასამართლო იყო მაშინდელი ხელისუფლების მორჩილი სასამართლოც. არც პიროვნებები შეცვლილან, არც ადამიანები შეცვლილან და არც მათი სამუშაო პრინციპები შეცვლილა. ერთ-ერთი პრობლემა გახლავთ სწორედ ეს, რომ ხელისუფლების შეცვლა ქმნის ფანჯარას სასამართლოს შეცვლისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.