დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს თამაშში, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რაიმე კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის დათმობასთან
დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს თამაშში, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რაიმე კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის დათმობასთან

ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს თამაშში, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რაიმე კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის დათმობასთან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ The Heritage Foundation-ის მკვლევარის, ლუკ კოფის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნისთვის საინტერესო იყოს ნატო-ს მე-5 პუნქტის ამოქმედების გარეშე, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არანაირი დათმობა არ მოხდება.

„ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური ძალისთვის არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, რომ საქართველოს მომავალი გადის ევროკავშირსა და ნატო-ზე, ამ ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციაში გაწევრიანებაზე. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად დავაჩქარო საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატო-ში. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უსაფრთხოება, მათ მოაქვთ ეკონომიკური განვითარება.

ნებისმიერი ინვესტორისთვის დაცული საქართველო ნიშნავს ადგილს, სადაც უფრო მეტი ინვესტიცია ჩამოვა, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და გვექნება მეტი კეთილდღეობა. პრეზიდენტის ერთ-ერთი ამოცანა საგარეო ურთიერთობებში უნდა იყოს სწორედ ინვესტორებთან ურთიერთობა, მათი ჩამოყვანა, უცხოური ბიზნესის ჩამოყვანა და საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, მისთვის საგარეო პოლიტიკა არ არის მოწყვეტილი საშინაო პოლიტიკას.

„საგარეო პოლიტიკა ჩემთვის არ ნიშნავს მხოლოდ განყენებულად ევროკავშირსა და ნატო-ს, ეს არის ევროკავშირი, ნატო და იმ გარემოს შექმნა, სადაც საქართველო წავა წინ და სადაც ქვეყანა განვითარდება. რაც შეეხება, რა სქემით მოხდება ნატო-ში ჩვენი მომავალი გაწევრიანება, ჩვენი ამოცანაა, არასდროს ავყვეთ რუსეთს იმ თამაშში, რომელსაც თავს გვახვევს, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება რაიმე კავშირშია ტერიტორიული მთლიანობის დათმობასთან. არანაირი დათმობა არ მოხდება. საქართველოს სიმშვიდისა და კეთილდღეობის რეცეპტი არის სწორედ ის, რაც გააკეთა აღმოსავლეთ ევროპამ, ბალტიისპირეთმა. რაც უფრო სწრაფად შევალთ ევროკავშირსა და ნატო-ში, მით უფრო მეტად იძულებული იქნება რუსეთი, აღიაროს, რომ საქართველო არის მეზობელი და არა ტერიტორია, რომელიც უნდა აკონტროლოს.

რუსეთთან ნორმალიზაციის, ჩვენი უსაფრთხოების, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის გზაც გადის სწორედ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.