დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ 24 ოქტომბერს პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დებატებში მიიღებს მონაწილეობას
დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ 24 ოქტომბერს პირველ არხზე სალომე ზურაბიშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად დებატებში მიიღებს მონაწილეობას

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარმომადგენელმა პირველ არხს დაუდასტურა, რომ 24 ოქტომბრის დებატებში მონაწილეობას მიიღებს დავით ბაქრაძეც.

შეგახსენებთ, დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე დებატებში სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია. საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა დებატებში სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობა რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს. დავით ბაქრაძის პასუხი მისი საქართველოში არყოფნის გამო დღეს გახდა ცნობილი.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით, 9 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის, დავით ბაქრაძის წარმომადგენლებსა და პირველი არხის მენეჯმენტს შორის შეხვედრა გაიმართა. 10 ოქტომბერს გამართული დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ დებატები გაიმართება 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველი არხის ტელე და რადიო ეთერში.

პირველი არხი საეთერო დროს ყველა კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება აქვს საპრეზიდენტო კანდიდატები სამ სხვადასხვა ფორმატში იხილოს. მათ შორის არის დებატები, გამოწვევის დებატები და „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში მათი პროგრამის წარდგენა. გამოწვევის დებატი გულისხმობს ამა თუ იმ კანდიდატის მხრიდან სხვა კანდიდატის გამოწვევას და დათანხმების შემთხვევაში მათთვის საეთერო დროის დათმობას.