დავიდ ვილიამ კარიერის დასრულება დააანონსა
დავიდ ვილიამ კარიერის დასრულება დააანონსა

ცნობილმა ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ მიმდინარე სეზონის შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ვილია ამ მომენტისთვის იაპონურ „ვისელ კობეში“ გამოდის.

„19-წლიანი პროფესიული კარიერის შემდეგ, გადავწყვიტე ამ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წასვლა. მადლობა ყველა გუნდს, მწვრთნელსა და თანაგუნდელს, რომლებმაც საშუალება მომცეს, სიამოვნება მიმეღო საოცნებო კარიერისგან. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის გვერდით იყო, რათა ჩემთვის მხარი დაეჭირა. ჩემი მიზანია – პირველ იანვარს კარიერა „ვისელ კობესთან“ ერთად იმპერატორის თასის მოგებით დავასრულო. ამის შემდეგ, გავაგრძელებ ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას ყველა იმ პროექტის მეშვეობით, რომლებზეც დღეს ვმუშაობთ DV7-ის ჯგუფთან ერთად. მადლობა ყველას სიყვარულისთვის“, – დაწერა თავის „ტვიტერში“ 37 წლის ფეხბურთელმა.

„ვისელ კობეს“ სამი მატჩი დარჩა ჩასატარებელი იაპონიის ჩემპიონატში, აგრეთვე, სათამაშო აქვს ნახევარფინალი იმპერატორის თასზე. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ვილიას კარიერაში ბოლო მატჩი 2020 წლის პირველ იანვარს გაიმართება.

ესპანეთში ვილია თამაშობდა „სპორტინგში“, „სარაგოსაში“, „ვალენსიაში“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოში“. მან სამ-სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. „ბარსელონას“ შემადგენლობაში გახდა ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

ბოლო წლებში, ვილია უცხოეთში თამაშობდა – ამერიკულ „ნიუ იორკ სიტიში“, ავსტრალიურ „მელბურნსა“ და ახლა იაპონურ „ვისელ კობეში“.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან ევრო 2008 და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი მოიგო. ჯამში ეროვნულ გუნდში 98 მატჩი ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა. ვილია ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.