დავიდ ლუისს კარიერის დასრულება „ბენფიკაში“ სურს
დავიდ ლუისს კარიერის დასრულება „ბენფიკაში“ სურს

ლონდონის „არსენალის“ 33 წლის მცველმა დავიდ ლუისმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულება „ბენფიკაში“ სურს, სადაც ბრაზილიელი 2007-2011 წლებში ასპარეზობდა. მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის დასრულება „ბენფიკაში“ მსურდა. ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. რაც დღეს სიმართლეა, ხვალ, შეიძლება უკვე ტყუილი იყოს, მაგრამ ჩემი გრძნობები ურყევია. მე მიყვარს „ბენფიკა“, ჩემი ოცნებაა კლუბის ფერებში ჩაცმულმა „ეშტადიუ და ლუშზე“ ვითამაშო. პორტუგალიური კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“,- განაცხადა ლუისმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი 2011 წელს „ბენფიკადან“ ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა, სადაც 2014 წლამდე იასპარეზა. ინგლისის შემდეგ ლუისმა ორი წელი „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშა, ხოლო 2016 წელს კვლავ „ჩელსიში“ დაბრუნდა. 2019 წლიდან კი იგი ლონდონის „არსენალის“ რიგებს იცავს.