დაუშვილს კარანტინის ვადა უმთავრდება
დაუშვილს კარანტინის ვადა უმთავრდება

მურთაზ დაუშვილი, რომელიც კვიპროსში დაბრუნდა, საკარანტნო პერიოდს ასრულებს და ვარჯიშს მალე განაახლებს – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „პოტატლიმა“ ავრცელებს.

„კიდევ ოთხი დღეც და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მოთამაშე მურთაზ დაუშვილი კარანტინს დაასრულებს. ქართველები თითქმის სრული შემადგენლობით კვიპროსში იმყოფებიან და მათ რამდენიმე დღეში დაუშვილიც შეუერთდება,“ – წერს გამოცემა.

საქმე ისაა, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფეხბურთელები არა მხოლოდ სახლში ვარჯიშობენ, არამედ, გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურადაც ემზადებიან. გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას თქმით, მოედანზე ერთმანეთისგან 170 მეტრში მყოფი მოთამაშეების სირბილი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სუპერმარკეტებში 50-60 კაცის შესვლა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თბილისში 18 მარტს ჯანო ანანიძესთან ერთად კერძო თვითმფრინავით გუნდის შესაბამისი ნებართვის შემდეგ გაემგზავრა. დაუშვილი კვიპროსზე 10 აპრილს დაბრუნდა. კვიპროსში არსებული წესების თანახმად, დაუშვილი 14 დღის განმავლობაში სავალდებულო იზოლაციაში (კარანტინში) რჩება და ამის შემდეგ კორონავირუსზე შემოწმებას გაივლის. ორკვირიანი კარანტინის ვადა 24 აპრილს დასრულდება.

საქართველოში რჩება საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.