მურთაზ დაუშვილის საქმეში სიახლეებია – კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიქოზიას „აპოელმა“ უარი თქვა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გადაბირებაზე და მის პოზიციაზე სხვა მოთამაშე უკვე იპოვა.
„მოსალოდნელია, რომ იმ ფეხბურთელთან დაკავშირებით, რომელიც „აპოელმა“ ქართველის შემცვლელად შეიგულა, მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, რაც დაუშვილის შემთხვევაში არ მომხდარა“, – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.
შეგახსენებთ, რომ დაუშვილი შეეცადა, გაჰყოლოდა თანამემამულეებს, გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილს, რომლებიც სეზონის დასრულების შემდეგ „ანორთოსისიდან“ ნიქოზიას „აპოელში“ გადავიდნენ. გუნდს ტრანსფერში 40 ათასი ევრო უნდა გადაიხადა, მაგრამ ამ დროისთვის დაუშვილის კონკურენტი მოთამაშის აყვანის შანსი უფრო მეტია.
„ანორთოსისის“ სპიკერმა დიმიტრის კრისტოფერუმ დაუშვილის საქმეზე რადიო „პროტოს“ ეთერში ისაუბრა: „მას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი აქვს გაფორმებული. თუ რომელიმე გუნდი დაინტერესებულია, მოვიდეს და ტრანსფერი შემოგვთავაზოს. აქ სასაუბრო არაფერია. ახლა, როდესაც დაუშვილი კვიპროსში დაბრუნდება, ჩვენი ადმინისტრაცია მას განმარტებისთვის გამოიძახებს“.