დაუშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ქართველი ფეხბურთელი მომავალ სეზონში დაბრუნდება #1TVSPORT
დაუშვილის ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ქართველი ფეხბურთელი მომავალ სეზონში დაბრუნდება #1TVSPORT

ნიქოზიასაპოელმა“ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა ოპერაცია გაიკეთა.

კვიპროსული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 32 წლის ფეხბურთელის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, მაგრამ მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა – მკურნალობას და რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება და მოედანს მხოლოდ მომავალი სეზონის დასაწყისში დაუბრუნდება.

„მურთაზ დაუშვილს ტერფის ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ფეხბურთელი სათამაშოდ მზად მომავალი სეზონის დაწყებისთანავე იქნება. ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – წერია „აპოელის“ განცხადებაში.

დაუშვილისთვის „აპოელი“ მეორე კვიპროსული კლუბია. 2019–2021 წლებში „ანორთოსისში“ თამაშობდა. ახლანდელ კლუბში 2021 წელს გადავიდა და მისი ფორმით 17 მატჩი ჩაატარა. 32 წლის საყრდენ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში 2008 წლიდან იწვევენ და „ჯვაროსნების“ რიგებში 40 მატჩი ჩაატარა.