დაუშვილი „ანორთოსისს“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა - შევეცდები, იმედები შემდეგ სეზონშიც გავამართლო
დაუშვილი „ანორთოსისს“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა - შევეცდები, იმედები შემდეგ სეზონშიც გავამართლო

მურთაზ დაუშვილმა ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე ინფრომაცია კვიპროსული კლუბის ოფიციალურმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ მურთაზ დაუშვილთან პარტნიორობა 2022 წლამდე გაახანგრძლივა. 31 წლის ნახევარმცველი დასრულებულ სეზონში მონაწილეობდა ჩემპიონატისა და თასის 22 შეხვედრაში და ერთი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი ძალაში 2021 წლამდე იყო და მისი გახანგრძლივება 2022 წლამდე გადაწყდა. მურთაზ დაუშვილს „ანორთოსისთან“ ერთად ტიტულებს, მრავალ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დაუშვილმა „ანორთოსისთან“ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა.

„მიხარია, რომ გუნდთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. შევეცდები, კლუბის იმედები შემდეგ სეზონშიც გავამართლო. მნიშვნელოვანია, რომ კლუბმა ფეხბურთელები შეინარჩუნა. ეს მიზნის მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება. ერთი წელია, რაც ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს და მწვრთნელის მოთხოვნებს, ასე რომ ახალ სეზონს ძალიან კარგი საფუძვლით ვიწყებთ“ – ამბობს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.