დათა ხოჭოლავა ტრავმირებულია - „კოპენჰაგენი“ იუბილეზე დამარცხდა #1TVSPORT
დათა ხოჭოლავა ტრავმირებულია - „კოპენჰაგენი“ იუბილეზე დამარცხდა #1TVSPORT

დანიის ჩემპიონმა „კოპენჰაგენმა“ სუპერლიგაში „რანდერსთან“ მოულოდნელი მარცხი იწვნია – დათა ხოჭოლავას გუნდი „პარკენ არენაზე“ 1:3 დამარცხდა. მაგრამ წაგებაზე გაცილებით მტკივნეული გუნდის ქართველი ლეგიონერის ტრავმა გამოდგა.

ეს საღამო „პარკენ არენაზე“ საზეიმო ელფერით დაიწყო, რადგან „კოპენჰაგენი“ 30 წლის იუბილეს აღნიშნავდა – კლუბი 1992 წელს „კოპენჰაგენისა“ და „ბ 1903″-ის შერწყმის შედეგად დაარსდა. მაგრამ „რანდერსს“ „პარკენ არენაზე“ საჩუქრები არ მიუტანია.

კოპენჰაგენმა“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე ვალდემარ ლუნდის გოლით დაწინაურდა. მაგრამ „რანდერსმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა და მარვინ ეგოს (58), ფრედერიკ ლაუენბურგისა (60) და უგო ანდერსონის (70) გოლებით „პარკენიდან“ სამი ქულა წამოიღო.

ამას წინ უძღოდა „კოპენჰაგენის“ ქართველი ვიცე-კაპიტნის ტრავმა. მასპინძლებს რეალურად მეორე ტაიმში პრობლემა იმიტომაც შეექმნათ, რომ ტრავმების გამო დავით ხოჭოლავასა და თავდამსხმელი მოჰამედ დარამის შეცვლა მოუწიათ.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი შეხვედრის 25-ე წუთზე დაშავდა და იძულებით შეცვალეს. დავით ხოჭოლავა მოედანზე იწვა, მხარი სტკიოდა და სიმწრისგან ხელს ბალახზე არტყამდა, ერთ წუთში კი მოედანი დატოვა.

ჯერ უცნობია, „კოპენჰაგენის“ ქართველმა ვიცე-კაპიტანმა რა სახის ტრავმა მიიღო და რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება – ხოჭოლავას მდგომარეობაზე მატჩის შემდეგ „კოპენჰაგენის“ მწვრთნელმა ჯეს ტორუპმაც ვერაფერი თქვა, ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვსო. იმედია, სერიოზული არაფერია და დავით ხოჭოლავა სექტემბრის სანაკრებო შეკრებისთვის მზად იქნება.

sport.tv2 წერს, რომ მასპინძლებს მეორე ტაიმში დაცვაში პრობლემები შეექმნათ და მტკივნეული მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ხოჭოლავას ნაადრევი შეცვლა დაასახელა.

რანდერსს“ ხუთი მატჩის შემდეგ ცხრა ქულა აქვს და სუპერლიგაში მესამე ადგილზეა, ხოლო ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ სამი ქულით ნაკლები დააგროვა და მეშვიდე ადგილით უნდა დაკმაყოფილდეს.