დათა ხოჭოლავა - მინდა, ნაკრებს ორმაგად დავეხმარო #1TVSPORT
დათა ხოჭოლავა - მინდა, ნაკრებს ორმაგად დავეხმარო #1TVSPORT

დათა ხოჭოლავა საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ციკლში პირველად გამოძახეს. ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსულმა „კოპენჰაგენის“ მცველმა დადებითად შეაფასა ფოთის „ფაზისის“ სტადიონი , სადაც ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად ივარჯიშა.

„მსოფლიოს შესარჩევზე ჩემთვის პირველი შეკრებაა, რადგან მარტის თამაშები კოვიდის გამო გამოვტოვე. ახლა მინდა, რომ ნაკრებს ორმაგად დავეხმარო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ კარგ სტადიონზე ვემზადებით“, – განაცხადა დათა ხოჭოლავამ.

კომენტარი ასევე გააკეთა გუნდის ახალწვეულმა, ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა სანდრო ალთუნაშვილმა: 

„დიდი ემოცია იყო, როდესაც გავიგე, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. კიდევ უფრო იმან გამახარა, რომ შეხვედრა ბათუმში გაიმართება – დასანანია, რომ მაყურებლის გარეშე ვითამაშებთ. შევეცდებით, დადებითი შედეგით დავასრულოთ ყველა ის შეხვედრა, რაც ამ სანაკრებო პაუზაზე გვაქვს“.

საქართველოს ნაკრები ორი დღე ფოთის „ფაზისის“ სტადიონზე ვარჯიშობდა, დღეს კი ბათუმის ახალ სტადიონზე 17:30 საათზე მოემზადება.

საქართველოსა და კოსოვოს მხარის ნაკრებების მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე 2 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.