დათა ხოჭოლავა - ასეთი შეკრული და ფიზიკურად კარგად მომზადებული ნაკრები არ მახსენდება #1TVSPORT
დათა ხოჭოლავა - ასეთი შეკრული და ფიზიკურად კარგად მომზადებული ნაკრები არ მახსენდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წარმატების მიზეზი ბოლო პერიოდში სასიკეთოდ შეცვლილი გარემო და მოთამაშეთა მენტალიტეტია – ამის შესახებ დათა ხოჭოლავამ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა

„საქართველომ ნაკრებმა ივნისში წარმატებით რომ ითამაშა, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია. ამისთვის დღევანდელმა ფედერაციამ ბევრი გააკეთა. ნაკრებშიც ორგანიზაციაც აშკარად შეცვლილია. ზოგადად, ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მახსოვს, ადრე „საბურთალოზე“ რა მინდორზე ვვარჯიშობდი და ისიც ვნახე, ახლა გუნდის მინდორი როგორი გაუმჯობესებულია. ქვეყანაში ფეხბურთი ასეთი პატარა დეტალების წყალობით ვითარდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დათა ხოჭოლავამ.

დანიური „კოპენჰაგენის“ ვიცე-კაპიტნის თქმით, გუნდის წარმატებაზე გავლენა ფიზმომზადებაში შეცვლილმა მიდგომებმა და მოთამაშეთა დამოკიდიბულებამაც მოახდინა: 

„ივნისის სამკვირიანი შეკრება ტრავმების გარეშე რომ დასრულდა, ამის შედეგია, სანიოლის ფიზმომზადების მეთოდის შეცვალა. ამას გარდა, შეიცვალა ფეხბურთელების მენტალობაც, თამაშზე საერთოდ სხვა განწყობით გავდივართ, რაც გუნდის ერთ-ერთი უდიდესი პლუსია. ასეთი შეკრული და ფიზიკურად კარგად მომზადებული ნაკრები მე არ მახსენდება. ეს ერთად ყველას და ყველაფრის დამსახურებაა.

დღეს გვაქვს ძალიან კარგი სერია და ძალიან კარგი შედეგები, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დიდი საქმის დასაწყისია, რომელიც ჩვენ უნდა დავამთავროთ და სამწუხაროდ, ორი დღის წინ ვერ დავამთავრეთ. თუმცა ვამბობ, რომ ამ ნაკრებს შეუძლია ისტორიაში საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გახდეს. ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობთ, რომ კარგი შედეგები გვქონდეს“.

დატოვე კომენტარი