დასტინ პორიეს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა სურს
დასტინ პორიეს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა სურს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ყოფილი დროებითი ჩემპიონის ტიტულის მფლობელი, დასტინ პორიე მოუთმენლად ელოდება ოქტაგონზე დაბრუნებას. „ბრილიანტმა“ უკანასკნელი სატიტულო ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან დათმო. პორიეს განცხადებით, მას დაბრუნების შემდეგ დიდი ბრძოლის გამართვა სურს.

კორონავირუსამდე ამერიკულ მედიაში აქტიურად მიდიოდა საუბარი პორიესა და დენ ჰუკერის შესაძლო ბრძოლაზე, თუმცა პანდემიამ გეგმები არია.
„ემ ემ ეი ფაითინგ“-თან (MMA Fighting) მიცემულ ინტერვიუში პორიემ მის გეგმებზე და სურვილებზე ისაუბრა.

„სიამოვნებით დავუპირისპირდებოდი მეორედ კონორ მაკგრეგორს. როგორც უკვე ვთქვი, მე მინდა დიდი ბრძოლის გამართვა, რაც შეიძლება მაღალი ანაზღაურებით. მხოლოდ ტოპ მეტოქეებთან მსურს ძალების გამოცდა. დენ ჰუკერსაც შევებრძოლებოდი, ეს ჩემთვის არ იქნებოდა პრობლემა, თუმცა ჩემი პრიორიტეტია მასშტაბური და დიდი ბრძოლები. აქედან გამომდინარე, თუ ჩემი ასარჩევი იქნება, კონორთან რემატჩს სიამოვნებით გავმართავდი. მზად ვარ დაპირისპირება შედგეს ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში, თუ გნებავთ, კრივის რინგზე. ჩემთვის ნებისმიერი პირობა მისაღებია“, – განაცხადა პორიემ.