დაშლილი „ტორპედოდან" მხოლოდ ზივზივაძეს არ უშვებენ
დაშლილი „ტორპედოდან" მხოლოდ ზივზივაძეს არ უშვებენ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირს, ბუდუ ზივზივაძეს ქუთაისის „ტორპედოდან“ არ უშვებენ – ეს ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან თავად განაცხადა.

ბოლო დღეებში, ფინანსური კრიზისის გამო, „ტორპედო“ ლამის ყველა ლიდერმა დატოვა, მაგრამ 25 წლის თავდამსხმელს, რომელმაც 19 ტურში 13 გოლი გაიტანა და მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, კლუბი გათავისუფლების ფურცელს არ აძლევს.

„ჩემით საკმაოდ კარგი ევროპული კლუბი დაინტერესდა და წასვლა თავადაც მსურდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ არ გამიშვებს, გათავისუფლების ფურცლის გარეშე კი, ახალ კლუბში ვერ გადავალ. „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს და გუნდი ამ უფლებით სარგებლობს. ეს მოულოდნელია იმის ფონზე, რაც კლუბში ხდება, მაგრამ ასეა და არ ვიცი, როგორ მოვიქცე“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბუდუ ზივზივაძე.

ბოლო დღეებში ქუთაისის „ტორპედო“ დატოვეს მამუკა კობახიძემ, ოლექსანდრ ოზაცკიმ, ნიკოლა სტიეპოვიჩმა, ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ, რიჩარდ ლუკამ, მერაბ გიგაურმა, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა.