დარია ნაუმავამ ლიდია ვალენტინს აჯობა - ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს
დარია ნაუმავამ ლიდია ვალენტინს აჯობა - ევროპას ახალი ჩემპიონი ჰყავს

სენსაციურად დასრულდა ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 76 კგ. წონით კატეგორიაში ქალთა შორის ასპარეზობა.

ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონი ბელორუსი დარია ნაუმავა გახდა, რომელმაც ტურნირის ფავორიტს და მსოფლიოს საუკეთესო ქალ ძალოსანს ლიდია ვალენტინს აჯობა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ვალენტინმა ატაცში ოქრო მოიპოვა (108 კგ.), ხოლო ვერცხლი კი ნაუმავას ერგო, რომელიც ტიტულოვან მეტოქეს ორი კილოგრამით ჩამორჩა. ეს ჩამორჩენა ბელორუსმა აკვრაში შეჯიბრებისას აღმოფხვრა, როდესაც მესამე ცდაზე 136 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 242 კგ. დააფიქსირა. ლიდია ვალენტინმა ბოლო ცდაზე 136 კგ.-ს დაძლევა სცადა, რაც არ გამოუვიდა და საბოლოო ჯამში ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დარია ნაუმავამ ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღო. ორი ვერცხლი და ერთი ოქრო ერგო ლიდია ვალენტინს.

ორჭიდის ჯამში მესამე ადგილზე შვედი პატრიცია სტრენიუსი გავიდა, რომელმაც 233 კგ. დააფიქსირა.

ატაცში ასპარეზობისას ტრავმა მიიღო ფრანგმა გაელ ნაიო კეჩანკემ, რომელმაც მესამე ცდაზე ხელი მოიტეხა, თუმცა პირველ მისვლაზე მან 103 კგ. ასწია და ამ დისციპლინაში ბრინჯაოს მედალი ერგო.

დატოვე კომენტარი