ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ახალი მფლობელი „ესპანიოლია“. კატალონიური კლუბი ფინალში თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მანამდე დარასელიას თასზე გუნდებმა ადგილები გადაინაწილეს. მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ერთმანეთს სფფ-ს აკადემია „ვიტესს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
„ჯენოამ“ კიევის „დინამოს“ დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 4:3 სძლია და მეხუთე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილი კი მოსკოვის „სპარტაკს“ დარჩა, რომელმაც მინსკის „დინამო“ 5:0 გაანადგურა.
ფინალი „ესპანიოლისთვის“ კარგად დაიწყო: თბილისელთა უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მეშვიდე წუთზე ჟერარდ პერეირამ საჯარიმოში სამი თბილისელი მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა 0:1. 37-ე წუთზე მატეო რეგატილიომ სტუმრების უპირატესობა გაზარდა 0:2. 44-ე წუთზე, ირაკლი აზაროვმა სხვაობის შემცირების შანსი ვერ გამოიყენა – მან პენალტი ვერ გაიტანა. 57-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა მეტოქის კარი მაინც აიღო. თუმცა, თბილისელებმა მეტი ვერ მოახერხეს და საბოლოოდ, „ესპანიოლმა“ 1:2 მოიგო.
საუკეთესო მეკარის პრიზი მინსკის „დინამოს“ წევრს, მიხეილ იურასოვს გადასცეს. საუკეთესო მცველი „დინამოს“ უკანახაზელი საბა ხვადაგიანი გახდა, საუკეთესო გოლის ავტორად დინამოელი გიორგი აბუაშვილი დაასახელეს, ტურნირის აღმოჩენად – ჯადული იობაშვილი (რომელიც ერთი წლით უფროსებში თამაშობდა და სამი გოლი გაიტანა, მათ შორის, ფინალშიც). საუკეთესო ბომბარდირის პრიზი კიევის „დინამოს“ თავდამსხმელ კირილ პოპოვს ერგო, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად „ესპანიოლის“ შემტევი ერიკ კუენკა აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ წინა ორი გათამაშების გამარჯვებულები „ალკმაარი“ და კიევის „დინამო“ იყვნენ.