დაპირისპირება ფიბას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე (ვიდეო)
დაპირისპირება ფიბას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე (ვიდეო)

გულშემატკივრებს შორის ატეხილი ჩხუბის გამო ნახევარი საათით შეწყდა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა „სპირუ შარლერუასა“ და თელ-ავივის „ჰაპოელს“ შორის. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თამაშის მსვლელობის დროს, „ჰაპოელის“ მოთამაშე შემთხვევით ბელგიელ ქომაგს შეეჯახა. ფანმა მას ხელი ჰკრა და უხეშად მოიშორა. ამან თელ-ავივის გუნდის გულშემატკივართა გაღიზიანება გამოიწვია, რაც საბოლოოდ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ პოლიცია გამოეძახათ.

სამართალდამცავებს ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც კი დასჭირდათ დაპირისპირების მონაწილეთა შესაჩერებლად. დაშავდა დაცვის თანამშრომელი და ათამდე ქომაგი. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

წესრიგის აღდგენის შემდეგ, მატჩი განახლდა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა „სპირუ შარლერუამ“ 73-59 მოიგო.