მანჩესტერ სიტის მცველები ნიკოლას ოტამენდი და დანილო ზაფხულში გუნდის დატოვებას გეგმავენ, რადგან საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევათ, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN). 31 წლის ოტამენდიმ სიტისთან კონტრაქტი მიმდინარე წლის იანვარში გაახანგრძლივა, თუმცა ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მატჩების ნახევარშიც კი არ გამოჩენილა, რადგან პეპ გუარდიოლას ამ პოზიციაზე საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს.
გარდა ამისა, ვენსან კომპანის ტრავმიანობის გამო, გუნდმა შესაძლოა კიდევ ერთი მცველი, ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტი შეიძინოს.
ოტამენდი აცხადებს, რომ სიტიში ბედნიერია, თუმცა გუნდს დატოვებს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა.
რაც შეეხება დანილოს, ის ამ სეზონში, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად, მხოლოდ 12 მატჩში გამოჩნდა მოედანზე.
27 წლის ბრაზილიელს კოჭის ტრავმა აწუხებდა, თუმცა წლის დასაწყისში ზედიზედ ექვსი მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.