დანიილ მედვედევს ისევ ემუქრება უიმბლდონის გამოტოვება #1TVSPORT
დანიილ მედვედევს ისევ ემუქრება უიმბლდონის გამოტოვება #1TVSPORT

მსოფლიოს მეორე ჩოგანს, რუს დანიილ მედვედევს, რომელსაც ჯერაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია უკრაინაში რუსული აგრესიის მიმართ, ისევ დაემუქრა უიმბლდონის გამოტოვება.

თითქმოს გადაწყვეტილია, რომ რუსმა და ბელარუსმა ჩოგბურთელებმა ხელი უნდა მოაწერონ რუსეთის პრეზიდენტისგან ვლადიმერ პუტინისგან დისტანცირების შესახებ განცხადებას.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის სპორტის მინისტრი ნაიჯელ ჰადლსტონი შეხვდა ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებს და განიხილა დიდი ბრიტანეთის სპორტულ ტურნირებზე მოქმედი შეზღუდვები.

სწორედ ამ შეხვედრაზე ილაპარაკეს იმის შესახებ, რომ უიმბლდონზე გამოსვლის მსურველ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მყარი გარანტიების მიცემა მოუწევთ იმაზე, რომ არ იღებენ დაფინანსებას მსოფლიოსგან გარიყული ორი ქვეყნის მთავრობებისგან.

გარდა ამისა, მათ უნდა დაადასტურონ, რომ არ უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. და მათ არ ექნებათ საკუთარი ქვეყნის დროშის ფერების გამოყენების უფლება.

„თუ რუსებსა და ბელარუსებს სურთ ბრიტანულ სპორტში მონაწილეობა, ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ნეიტრალურები და გულწრფელები.

ჩვენ გვინდა მივიღოთ წერილობითი დადასტურება იმისა, რომ ისინი არ იღებენ ფულს პუტინისგან, რუსეთისგან ან ბელარუსისგან. ასევე დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ იმაში, რომ ისინი არ უჭერენ მხარს პუტინსა, რუსეთსა და ბელარუსს.

თუ ცალკეული სახეობები ან ტურნირები გადაწყვეტენ სრულად აუკრძალონ მონაწილეობა რუს და ბელარუსს სპორტსმენებს, ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჰადლსტონმა.

ჩოგბურთი ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა, რომელიც პროფესიულ ტურნირებში გამოსვლის უფლებას აძლევს რუს და ბელარუს სპორტსმენებს, ოღონდ ნეიტრალური სტატუსით.