რომას კაპიტანმა დანიელე დე როსიმ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს დედაქალაქურ კლუბს, შესაძლოა, კარიერა ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) რომელიმე კლუბში გააგრძელოს. ამის შესახებ წერს ტუტომერკატო (Tuttomercatoweb).
ინტერნეტ-გამოცემის ინფორმაციით, იტალიელი ნახევარმცველის შეძენა ნიუ იორკ სიტის სურს. ამერიკული კლუბი უახლოეს პერიოდში ეცდება დე როსისთან კონტრაქტზე მოლაპარაკებას. დანიელე დე როსი რომაში თავის ბოლო მატჩს 26 მაისს ჩაატარებს. ეს იქნება იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა პარმას წინააღმდეგ.
ნახევარმცველი 2002 წლიდან თამაშობს რომაში. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს ვეტერანთან კონტრაქტი. დე როსიმ განაცხადა, რომ რომადან წასვლის მიუხედავად, არ აპირებს კარიერის დასრულებას.