დანიელე დე როსი იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ტოვებს, – ამის შესახებ მან La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა. იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ის მზადაა თავად დაიწყოს სამწვრთნელო კარიერა.
„რთული არჩევანი იყო, მაგრამ ეროვნული გუნდიდან წამოსვლა გადავწყვიტე. ყველასთან ძალიან კარგად შევეწყვე და ევროპის ჩემპიონატიც ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მსურს მომავალში და ეს მთავარი მწვრთნელობაა. შეიძლება უცნაურიც იყოს, რადგან 38 წლის ვარ და გუნდი აქამდე არასდროს გამიწვრთნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მზად ვარ. იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დარჩენა და რაიმე გუნდის ლოდინი ფედერაციისა და რობერტო მანჩინის მიმართ უსამართლობა იქნებოდა“, – განაცხადა დე როსიმ.
მან „რომას“ მწვრთნელობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს მაშინ მოხდება, როცა ამას დაიმსახურებს.

დე როსიმ მის ხედვებზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა.
„ხანდახან ფეხბურთზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ეს მეცნიერებაა, ყველაფრის გართულება სურთ. სამაგიეროდ, მანჩინის მსგავსი ადამიანები მას აადვილებენ.“
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში დანიელე დე როსიმ 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მას 117 თამაში აქვს ჩატარებული, სადაც 21 გოლის გატანა მოახერხა.