დანიელ დუბუას მე-12 მოგება - საკრივო უქმეების მიმოხილვა 
დანიელ დუბუას მე-12 მოგება - საკრივო უქმეების მიმოხილვა 

დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე საკრივო შოუ გაიმართა. ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლები სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდა.

დაუმარცხებელმა ფრანგმა მძიმეწონოსანმა ტონი იოკამ თავისი მეექვსე გამარჯვება მოიპოვა პროფესიულ რინგზე – მან დაამარცხა უკრაინული წარმოშობის გერმანელი ალექსანდრ დიმიტრენკო. რეფერიმ ბრძოლა მესამე რაუნდში გააჩერა და ფრანგს ტექნიკური ნოკაუტით მოგება მიანიჭა.

კიდევ ერთმა პერსპექტიულმა სუპერმძიმე წონოსანმა დანიელ დუბუამ (12-0) ნოკაუტით მოუგო ბრიტანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ნათან გორმანს. ამ უკანასკნელმა მეხუთე რაუნდამდე გაუძლო თანამემამულეს.

სხვათა შორის, დუბუას სუპერმძიმე წონის მომავალი ვარსკვლავი უწოდა ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯორჯ ფორმენმა. „ვი ბი ენ“ (WBN) მიცემულ ინტერვიუში ფორმენმა ილაპარაკა იმაზე, რომ გაოცებულია ბრიტანელის დარტყმის ძალით.

„ვერ ვხედავ ვერავის, ვინც გაუძლებს მას ბრძოლის ბოლომდე. ცხადია, რომ დანიელ დუბუას დიდი მომავალი აქვს და მას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი გახდეს ასეთი მოკრივეები დღეს იშვიათად ჩნდებიან“.

მინეაპოლისში ამერიკელმა ჯერალდ ვაშინგტონმა მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა ფინელი რობერტ ჰელენიუსი, მსოფლიოს ექსჩემპიონმა ჩარლზ მარტინმა კი მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია დანიელ მარტცს.

ამ საკრივო შოუს მთავარ ბრძოლაში ამერიკელმა ჯამალ ჯეიმსმა ნახევრადსაშუალო წონაში მოუგო მექსიკელ ანტონიო დემარკოს. მსაჯებმა ერთნაირი ანგარიშით (98:92) ერთხმად მიანიჭეს უპირატესობა ჯეიმსს 10-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ.

ქალაქ ნიუარკში ნახევრადმჩატე წონის პერსპექტიულმა ამერიკელმა შაქურ სტივენსონმა მესამე რაუნდში დაამარცხა რობერტო გევარა. ეს სტივენსონის მე-12 მოგებაა პროფესიონალებში.

კიდევ ერთმა ამერიკელმა ჯოშუა გრირმა დაამარცხა რუსი მოკრივე ნიკოლაი პოტაპოვი (114:114, 115:113, 116:112) და უმჩატეს წონაში „აი ბი ეფის“ (IBF) ტიტულის აუცილებელი პრეტენდენტი გახდა. ამ საჩემპიონო ქამარს იაპონელი ნაოია ინუე ფლობს.

დაბოლოს, ლეგენდარული ოსკარ დე ლა ჰოიას ბიძაშვილმა, ნახევრადმჩატე წონის წარმომადგენელმა დიეგო დე ლა ჰოიამ პირველი მარცხი იწვნია პროფესიონალებში. თავის რიგით 22-ე ბრძოლაში დიეგომ მეექვსე რაუნდში ნოკაუტით წააგო ამერიკელ რონი რიოსთან. შეხვედრა კარსონში გაიმართა.