დანი ალვეში - მე ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ არავინ მისმენს
დანი ალვეში - მე ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ არავინ მისმენს

პარი სენ-ჟერმენის გამოცდილი ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში აცხადებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მისი რჩევები უნდა გაითვალისწინოს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს.

სამგზის ჩემპიონთა ლიგის, სამგზის საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის, ორგზის ევროპა ლიგისა და კიდევ 30 სხვა ტიტულის მომგები ალვეში მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი მოქმედი ფეხბურთელია და მიაჩნია, რომ კლუბი მის მოსაზრებებს მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს.

შეგახსენებთ, რომ პარიზული გრანდი წელს ზედიზედ მესამედ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედთან სტუმრად 2-0 მოგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე 1-3 დამარცხდა.

„მე ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ“, – ამბობს 35 წლის ფეხბურთელი, რომელიც პარი სენ-ჟერმენში იუვენტუსიდან 2017 წელს გადავიდა და ახლა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. – „როდესაც რაღაცას ვამბობ, მინდა, რომ მიჯერებდნენ. არა იმიტომ, რომ ვინმეზე უკეთესი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ნამყოფი ვარ იქ და გამოცდილება მაქვს. ასეთ ადამიანს უნდა მოუსმინო და მისი გამოცდილება გაითვალისწინო“.

პარი სენ-ჟერმენისა და იუვენტუსის გარდა, ალვეშს სევილიასა და ბარსელონაში უთამაშია, კარიერა კი ბრაზილიურ ბაიაში 2001 წელს დაიწყო.