დანა ვაიტის განცხადებით, ბროკ ლესნარისა და დენიელ კორმიეს ბრძოლა ჯერჯერობით არ განიხილება
დანა ვაიტის განცხადებით, ბროკ ლესნარისა და დენიელ კორმიეს ბრძოლა ჯერჯერობით არ განიხილება

2018 წლის ივლისში დენიელ კორმიემ სტიპე მიოჩიჩის დამარცხების შემდეგ ოქტაგონზე მძიმე წონაში ყოფილი ჩემპიონი ბროკ ლესნარი გამოიწვია. კორმიეს განცხადების შემდეგ, ლესნარი ოქტაგონზე ავიდა და კორმიეს დაპირდა, რომ მის დასამარცხებლად დაბრუნდებოდა. მიმდინარე წლის თებერვალში ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ კორმიესთვის უკვე ჰყავს შერჩეული სავარაუდო მეტოქე.

ფანებს მიაჩნდათ, რომ ეს მეტოქე სწორედ ლესნარი იქნებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, ვითარება სხვაგვარადაა.

„ეს ჩხუბი შესაძლოა არც ჩატარდეს. ჩვენ ჯერ ბროკთან არც კი გვისაუბრია. არ ვიცი, აქვს თუ არა მას ბრძოლის სურვილი, თუმცა ამჟამად დანამდვილებით გეუბნებით, რომ ბრძოლის თარიღი ცნობილი არ არის. როდესაც ბროკ ლესნარი მზად იქნება, თავად დამირეკავს“, – აღნიშნა დანა ვაიტმა UFC 236-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვაიტის თქმით, კორმიესთან რევანშის შანსი სტიპე მიოჩიჩს უნდა ჰქონდეს. ის სატიტულო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ არ გამოჩენილა ოქტაგონზე. თუმცა კორმიეს, რომელსაც 2015 წლის შემდეგ არ წაუგია, ამჟამად ტრავმა აქვს.