დანა ვაიტი - გარანტიას გაძლევთ, რომ მაკგრეგორი 2020 წელს არ იბრძოლებს
დანა ვაიტი - გარანტიას გაძლევთ, რომ მაკგრეგორი 2020 წელს არ იბრძოლებს

მსოფლიო მედიაში აქტიურად მიდის საუბარი კონორ მაკგრეგორის შესაძლო მომდევნო ბრძოლასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ირლანდიელმა მებრძოლმა რამდენიმე თვის წინ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა მას შემდეგ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში არაერთხელ მიანიშნა ფანებს, რომ ის შერეული ორთაბრძოლებიდან წასვლას ჯერჯერობით არ გეგმავს.

მაკგრეგორთან ბრძოლის სურვილი ორგანიზაციის ახალწვეულმა, დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა ხამზატ ჩიმაევმაც კი გამოთქვა, თუმცა დანა ვაიტმა „ი-ეს-ფი-ენ“-თან (ESPN) მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კონორთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა და ირლანდიელის ოქტაგონზე გამოჩენა 2020 წელს გამორიცხა.

„მიმდინარე წელს ის (კონორი) ბრძოლას არ აპირებს. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ მაკგრეგორი 2020 წელს ბრძოლას არ ჩაატარებს. მე არ ვამბობ, რომ ის არ იბრძოლებს 2021 წელს, თუმცა პოტენციური მეტოქე ჯერჯერობით არავინაა და აქედან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით ახალს კონორთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ვაიტმა.