დანა უაიტი - ხაბიბს ტიტულის ჩამორთმევა და UCF-დან გარიცხვა ემუქრება
დანა უაიტი - ხაბიბს ტიტულის ჩამორთმევა და UCF-დან გარიცხვა ემუქრება

რუს ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შორის ბრძოლის შემდეგ მომხდარ ინციდენტს, UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაიტი გამოეხმაურა.

ის არ გამორიცხავს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს ტიტულს ჩამოართმევენ, UFC-დან გარიცხავენ და ამერიკის შეერთებული შტატების ვიზას აღარ მისცემენ.

„დავინახე, ხაბიბის გუნდის ორი წევრი როგორ შევარდა ოქტაგონში. ერთ-ერთმა კონორს დაარტყა.
იმის გარანტიას, რომ ნურმაგომედოვს მომხდარის შემდეგ საჩემპიონო ტიტულს არ ჩამოართმევენ, ვერ ვიძლევი. ჩვენ ვემორჩილებით ნევადას შტატის კომისიას და დარწმუნებული ვარ – ის ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს, აქ შტატის გუბერნატორი იმყოფებოდა და მას სასწრაფოდ არენის დატოვება მოუწია. ეს არ არის კარგი. ხაბიბს უსიამოვნებები ელის. 

ასეთი საქციელი არ იმსახურებს იმას, რომ მებრძოლი ჩვენთან გამოდიოდეს. ეს ის არ არის, რასაც ჩვენი სპორტი სთავაზობს ყველას. ეს შესანიშნავი ტურნირია, რომლისთვისაც ბევრს ვემზადებოდით. ყველანი ვიღიმოდით, ვცდილობდით… არავინ ელოდა, რომ ხაბიბი ასე დატოვებდა ოქტაგონს. მსგავსი ქცევა არ შეიძლება შევადაროთ ტაისონისა და ჰოლიფილდის სკანდალურ ბრძოლას. ძალიან შევშინდი.
რევანში კონორთან? დღეს ადრეა ამაზე ლაპარაკი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ხაბიბს მომხდარის შემდეგ, კიდევ მისცემენ ამერიკის ვიზას. იქნება კომისიის სხდომა, იქნება ჯარიმები. ძალიან განაწყენებული ვარ. ის, რაც მოხდა, ეს არ არის ჩვენი ღონისძიებების დონე”, – განაცხადა უაიტმა.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლის შემდეგ, ნურმაგომედოვმა ჯერ მაკგრეგორთან მიახლოება სცადა, მაგრამ როდესაც გზა გადაუღობეს, ოქტაგონს გადაახტა და მაკგრეგორის გუნდის წევრებთან ჩხუბი დაიწყო. ამასობაში, ოქტაგონში თავად კონორი აქტიურობდა. საბოლოოდ, ორივე მებრძოლმა დარბაზი ისე დატოვა, რომ შედეგის გამოცხადებასა და საჩემპიონო ქამრის გადაცემის ცერემონიას არ დაელოდა.