დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი ჩემპიონატის დაწყებიდან 34 წელი გავიდა #1TVSPORT
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი ჩემპიონატის დაწყებიდან 34 წელი გავიდა #1TVSPORT

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 34 წელი გავიდა. 1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოურს გამოეყო და დამოუკიდებელი ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა. პირველი ეროვნული ჩემპიონატს გახსნის მატჩი კი 1990 წლის 30 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა – თბილისის „იბერია“ (პირველ ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ „იბერია“ ერქვა) ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონატი მანამდეც ტარდებოდა, მაგრამ ეს იყო დაბალი რანგის ტურნირი. 1990 წლიდან კი საბჭოთა პირველობის ყველაზე წარმატებულმა ქართულმა კლუბებმა საკავშირო ტურნირებში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ეროვნულ ჩემპიონატში თამაში გადაწყვიტეს – განსაკუთრებით ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

ეს ის სათავეა, საიდანაც დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა პირველი ნაბიჯები გადადგა და წლების შემდეგ ის წარმატება დაიბადა, რომელიც 26 მარტს მთელმა საქართველომ იზეიმა.