დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები - ალექსეი ნავალნი „ეფესბეს“ თანამშრომლებმა მოწამლეს
დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები - ალექსეი ნავალნი „ეფესბეს“ თანამშრომლებმა მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) თანამშრომლებმა მოწამლეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ „ბელინგქეთის“ (Belingcat) დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები. გამოძიება, სახელწოდებით The Insider, „სიენენისა“ და „შპიგელის“ მხარდაჭერით განხორციელდა და ეფუძნება მობილური ტელეფონებისა და ავიამგზავრების მონაცემებს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ალექსეი ნავალნის ტომსკში ვიზიტისას „ეფესბეს“ სამი თანამშრომელი: ალექსეი ალექსანდროვი, ზედმეტსახელადფროლოვი“, ივან ოსიპოვი, „სპირიდონოვი“ და ვლადიმირ პანიავი ახლდა. ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს მათი ზუსტი გადაადგილების დადგენა, რამდენადაც თანამშრომლები ერთჯერად მობილურ ტელეფონებს იყენებდნენ. მთელი დროის განმავლობაში რამდენიმე წამით, მხოლოდ ორჯერ ჩართო ტელეფონი ალექსანდროვმა, სიგნალი კი იმ სასტუმროს სიახლოვეს დაფიქსირდა, სადაც ნავალნი და მისი თანამშრომელი, მარია პევჩიხი იყვნენ გაჩერებული.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მოწამვლის შედეგად ნავალნი კვლავ ცოცხალი იყო, ოპერატიულმა თანამშრომლებმა მოსკოვში დასაბრუნებელი ავიაბილეთები ჩააბარეს და მთიან ალტაიში გაემგზავრნენ, სადაც მოსკოვიდან ჩავიდა ტაიაკინიც. გამოძიების ავტორები ვარაუდობენ, რომ იქიდან ჯგუფი ბიისკის სიახლოვეს გაემგზავრა, სადაც ქიმიურ-ენერგეტიკული ტექნოლოგიების ინსტიტუტია განთავსებული და მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკისკვალისგან გაწმენდას შეძლებდნენ.

გამოძიების ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ოპერატიული თანამშრომლები სატელეფონო კავშირზე იმყოფებიან კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორ კირილ ვასილიევთან და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე ვლადიმის ბოგდანოვთან.

სხვადასხვა დროს კი, ნავალნის ქვეყნის ფარგლებში თუ მის გარეთ მოგზაურობის დროს, საერთო ჯამში რვა ოპერატიული თანამშრომელი უთვალთვალებდა. „ბელინგქეთი“ მათ ვინაობას ასაჯაროებს. მათ შორის, ზემოთ ხსენებული სამი პირის გარდა, ფიგურირებენ ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი სტანისლავ მაკშაკოვი, ასევე ოლეგი ტაიაკინი – მეტსახელად „ტარასოვი“, კონსტანტინ კუდრიავცევი, იგივე „სოკოლოვი“, ალექსეი კრივოშეკოვი, მიხაილ შვეცი, იგივე „სტეპანოვი“.

ბელინგქეთი“ ასევე ამტკიცებს, რომ ნავალნიზე კიდევ ერთი თავდასხმა კალინინგრადში ორი თვით ადრე, ივლისში მოხდა. თუმცა, მაშინ ალექსეის მეუღლე, იულია დაშავდა და მას ინტოქსიკაციის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა.